როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა | ექიმის განმარტება

პუბლიკა

37 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმში, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან ერთი საათის წინ ამოიყვანეს, ბათუმის კლინიკა მედცენტრში შეიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორი მედეა ქაჯაია „ტვ პირველთან“ საუბრისას აღნიშნავს, „შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა შეფასებული იყო, როგორც მძიმე“.

„შემოსვლის დროს პაციენტი იყო კონტაქტური. გამოხატული იყო ტრავმული შოკის სურათი. აღენიშნებოდა სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. გულმკერდის დახურული ტრავმა. მარცხენა ქვედა კიდურის კოჭის არეში ღია მოტეხილობა. პაციენტრს უტარდება ღრმა კვლევები. შეყვანილია კონკრეტულ ტომოგრაფიულ გამოკვლევაზე. დანარჩენს მოგახსენებთ, როგორც კი კვლევები დასრულდება და ექიმები დამატებით ინფორმაციას მოგვაწოდებენ“, – ამბობს მედეა ქაჯაია.


ნანგრევებიდან ამოყვანილი ეს უკვე მეორე ადამიანია. ახალგაზრდა მამაკაცამდე მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, მისი ექიმის თქმით, კრიტიკულად მძიმეა.

ასევე, ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მაშველებმა ნახეს ერთი გარდაცვლილი, რომლის ამოყვანასაც ახლა ცდილობენ.