მამების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არასოდეს გამოუცვლია შვილისთვის საფენი – კვლევა

პუბლიკა

კაცების 59%-სა და ქალების 38%-ს სჯერა, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახის მოვლაა – ეს და სხვა მიგნებები გამოვლინდა ახალი კვლევის „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ შედეგად, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით წარადგინეს.

კვლევა, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, აჩვენებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას და 7 წლის განმავლობაში ამ სფეროში მიღწეულ ცვლილებებს. კვლევის მიგნებები  2013 წელს ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებთანაა შედარებული.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2013 წლიდან დღემდე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერება საკმაოდ ამაღლებულია, რაც ნიშნავს, რომ ამჟამად გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოს გაცილებით მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე 6 წლის წინ.

კვლევის მიხედვით, დედებთან შედარებით, მამები უფრო მიიჩნევენ, რომ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ოჯახში თანაბრად აქვთ განაწილებული. მაგალითად, ყოველი მეორე მამა ამბობს, რომ ბავშვები სკოლიდან ორივეს თანაბარი სიხშირით გამოჰყავს, რასაც ათიდან მხოლოდ ოთხი დედა ადასტურებს. ასეთი განსხვავება ბავშვზე ზრუნვის სხვა აქტივობებთან დაკავშირებითაც ვლინდება, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის ექიმთან წაყვანა ან ბავშვთან პირად საკითხებზე საუბარი.

მამების, დაახლოებით, 20-40% აცხადებს, რომ არასოდეს გაუკეთებია ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებული ერთი ან ერთზე მეტი საქმე. მამების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არასოდეს გამოუცვლიათ ბავშვისთვის საფენი და თითქმის იგივე რაოდენობა აცხადებს, რომ არასოდეს დაუბანიათ ბავშვი.

ყოველი მეოთხე მამა ამბობს, რომ არასოდეს დახმარებია შვილებს საშინაო დავალების შესრულებაში და ყოველი მეხუთე მამა აცხადებს, რომ არასოდეს უსაუბრია ბავშვებთან მათ პირად პრობლემებზე.

დედები და მამები აცხადებენ, რომ ბავშვის მიმართ სასჯელის გარკვეულ მკაცრ ფორმებს იყენებენ. დაახლოებით, სამიდან ორი დედა და მამა აცხადებს, რომ ხანდახან საყვედურისა და სიტყვიერად დასჯის ფორმასაც მიმართავენ.


კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.

თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით.

კვლევის შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%).