„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლიდან დაიწყო

სალომე გორგოძე

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 11 დეკემბრიდან დაიწყო და 20 თებერვლის ჩათვლით გასტანს.

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი ჩხოროწყუში, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში გაიხსნა.

„თუ ვსაუბრობთ, რომ მასწავლებლის ჯილდო არის ეროვნული პროექტი, არ უნდა ჩავიკეტოთ დედაქალაქში“, – განაცხადა ღონისძიებაზე „განათლების კოალიციის“ თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და განმარტა, რომ კონკურსის ჩხოროწყუში გახსნა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია – კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე განურჩევლად ქალაქისა თუ რეგიონების სკოლებისა.

„რა თქმა უნდა, სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ვიმყოფებით აფხაზეთის საჯარო სკოლაში, სადაც უკვე 20 წელზე მეტია, დევნილი ჩვენი თანამოქალაქეები სწავლობენ. აქ ყოფნით გვინდა, გამოვხატოთ მათ მიმართ სოლიდარობა, თანადგომა. ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია არის ჩვენი ყველას ტკივილი და, რა თქმა უნდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის ეს თემა ყოველთვის პრიორიტეტული იქნება.

ასევე, ეს არის მელორ ცქვიტაიას სკოლა, რომელიც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2019 წლის საუკეთესო ათეულის წევრია. ის არამხოლოდ კარგი მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქე და თემის ლიდერია. მის საქმიანობაში კარგად ჩანს, როგორ შეიძლება იყოს შერწყმული რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა და საგანმანათლებლო საქმიანობა. თავისი საზოგადოებრივი თუ პროფესიული საქმიანობით ის ამის დემონსტრირებას ახდენს და ყველასთვის როლური მაგალითია“, – განმარტა ირინა ხანთაძემ.

აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლა

აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლა 2002 წელს დაარსდა და ამჟამად სკოლაში 272 მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორი ნუგზარ ჯომიდავა ამბობს, რომ იქამდე არსებობდა აფხაზეთის სკოლა-გიმნაზია, რომლის მეპატრონემაც აფხაზეთიდან დევნილებს  სკოლისთვის შენობა დაუთმო. სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაახლოებით ნახევარი აფხაზეთიდან დევნილია. სკოლის შენობა ძველი და ინფრასტრუქტურულად გაუმართავია – სათანადოდ არ არის აღჭურვილი საკლასო ოთახები, ზამთარში მოსწავლეები შეშის ღუმლით თბებიან, კვლავ პრობლემად რჩება სველი წერტილების გამართვა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სკოლის შენობის საკუთრებაში ქონაა. მისივე თქმით, სამინისტროდან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს მომავალში სკოლის შენობას გამოისყიდიან.

„არ ვწუწუნებთ, მთავარი არის არა სკოლის გარემონტებული კედლები, არამედ ის თუ რა ხდება ამ კედლებს შორის, მთავარია მოტივაცია და სასწავლო პროცესი“, – ამბობს სკოლის დირექტორი და მაგალითად წარმატებული კურსდამთავრებულები და მასწავლებლები მოჰყავს. ამბობს, რომ სკოლის დაარსების დღიდან პრიორიტეტად დაისახეს უცხო ენების ხარისხიანად შესწავლა, რამაც, ამბობს რომ, დროთა განმავლობაში დადებითი შედეგი მოუტანა სკოლას. დღესდღეობით კი პრიორიტეტად ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაძლიერებული სწავლება აქვთ დასახული. ამბობს, რომ მიუხედავად სკოლის გაუმართავი ინფრასტრუქტურისა, აქვთ კარგი მატერიალური ბაზა: საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული ნივთები, რაც მოსწავლეებს ამ საგნების უკეთ სწავლაში ეხმარება.

მელორ ცქვიტაია, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის საუკეთესო ათეულის წევრია, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში დაარსების დღიდან მუშაობს. ის სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მისი და მისი მოსწავლეების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, ერთი მხრივ, იკვლევს თემში არსებულ საჭიროებებს და, მეორე მხრივ, სახავს ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. მელორ ცქვიტაია გვიყვება, რომ სკოლაში 8 კულბი ფუნქციონირებს. თითოეული მათგანის სამუშაო პროცესში 15-20 მოსწავლეა ჩართული. ის რამდენიმე პროექტს იხსენებს, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით თემში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები მოაგვარეს.

„აქ მნიშვნელოვანია, რომ თემში არსებული პრობლემების მოგვარებაში ჩართული არიან მოსწავლეები და ამ ყველაფერზე ფიქრს არ იწყებენ სკოლის დამთავრების შემდეგ. ამგვარი მუშაობის შემთხვევაში მოსწავლეები სწავლობენ, რომ მათაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება. ეს საზოგადოება ის ადგილია, სადაც სკოლის დამთავრების შემდგომ მოუწევს ცხოვრება. ბავშვები ფაქტობრივად თავიანთ ეზოს, უბანს, ქალაქს ეხმარებიან განვითარებაში. ეს პატარ-პატარა ნაბიჯები ქვეყნის მოვლა-პატრონობაში გადავა და შეიძლება რეგიონსაც კი გასწვდეს. ამგვარი სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეები ლოკალური პრობლემების გარდა, მასშტაბურ პრობლემებზეც დაფიქრდნენ და მათ გაუმჯობესებაზეც იზრუნონ“.

მელორ ცქვიტაია ამბობს, რომ ამგვარად სწავლების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მოსწავლეებს აღარ უჭირთ სკოლაში მიღებული ცოდნის მის კედლებს მიღმა გამოყენება, ეს საფუძველს უყრის პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას, რაც არის კიდეც ზოგადი განათლების მნიშვნელოვანი მიზანი.

ის  ყურადღებას ამახვილებს არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზეც და ამბობს, რომ არაფორმალური განათლება ხელს უწყობს მოსწავლეებს თავისუფალ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ, უვითარებს მათ კრიტიკული აზროვნების უნარებს და სთავაზობს შესაძლებლობებს,  თუ როგორ გამოიყენონ სკოლაში მიღებული ცოდნა საკუთარი უბნის, სოფლის, ქალაქისა თუ ქვეყნის განვითარებისთვის.

*******

კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე www.tprize.ge.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წელს მეოთხედ ტარდება და მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული მასწავლებლის გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

გასულ წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

2018 წელს ჯილდო ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელს, მანანა კაპეტივაძეს გადაეცა.

2017 წელს კი ჯილდო სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ მიიღო, რომელიც 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ „განათლების კოალიციის“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ჯილდო მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.