მდინარაძის წინა პოსტი უქმდება, დაანონსებული კი აღარ შეიქმნება. ამის შესახებ შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებასთან დაკავშირებით პროექტს, ჩვენ ამ სასესიო კვირაში ალბათ არა, მომდევნო სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის ეს პოზიცია აღარ შეიქმნება. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია. შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოსტი, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის პოსტი. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე „ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს“.
მან მადლობა გადაუხადა „ოცნების“ თითოეულ „ჯარისკაცს“ და გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.
ბოლო 1 წელში მამუკა მდინარაძემ 3 თანამდებობა გამოიცვალა. ბოლოს ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, თუმცა საჭირო იყო სახელმწიფო სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა, რასაც პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდებოდა. პარლამენტში საშემოდგომო სესია სექტემბერში იხსნება, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო მინისტრის პოსტის შექმნას ხმას სექტემბერში დაუჭერდა.
იქამდე, 2026 წლის 30 აპრილიდან მდინარაძე სპეციალურად მისთვის შექმნილ სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, ამავე დროს იყო ვიცე-პრემიერი.
ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.