ქვეყნის დატოვებამდე დენის კულანინი პატიმრობაში დარჩება, – ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მიიღო.
დენის კულანინი რუსეთის მოქალაქეა, 27 აგვისტოს ის მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ის შემდეგ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში იყო მოთავსებული.
მისი წარმომადგენლების თქმით, რუსეთში გაძევების შემთხვევაში მას საფრთხე დაემუქრება, მათ დენისს მესამე ქვეყანაში გასაფრენი თვითმფრინავის ბილეთი უყიდეს – რეისი პირველ სექტემბერს შესრულდება.
დღეს, 30 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ გაძევების პროცედურების დაწყებამდე – ანუ მესამე ქვეყანაში გაფრენამდე ის პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ.
მიგრაციის დეპარტამენტი კი კულანინის გაძევებამდე მის პატიმრობაში ყოფნას მოითხოვდა. მათი პოზიციით, არსებობდა მიმალვის საფრთხე.
დენის კულანინი 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს – მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.