მე-4 რეკომენდაცია ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებაა, ამიტომ შეიქმნა ბიურო - პრემიერი პრეზენტაციაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ „ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანების კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას; მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ძლიერი კოორდინაციით, ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრა“.

პრემიერის თქმით, ბიურო გამოირჩეული იქნება დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც.

„დღეს კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 ქვეყანას. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში“, – განაცხადა პრემიერმა.

ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. ამ პუნქტის შესასრულებლად შეიქმნა სწორედ ბიურო.

ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა.

„გვიხარია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი მოწინავე ადგილზე. ჩვენ დაახლოებით ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატოს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის პროცესში ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ კანონპროექტს.

მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრას, არც რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და არც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას.

„ლელო“ კი აცხადებდა, რომ ბიურო ვერ დააზღვევს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ კორუფციულ დანაშაულს, პოლიტიკური საქმიანობის მონიტორინგს და ა.შ. რადგან ის პრემიერის დაქვემდებარებაში იქნება.