საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინის მხარემ სულ მცირე მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს ასეთი ბრალდების შემდეგ.
„მე არ ვიცი, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა. მე ერთი რამე ვიცი, როდესაც იმ მეგობარს, რომელიც გვერდში გიდგას ყველანაირად, პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად … იმ მეგობრის წინააღმდეგ, როდესაც წააყენებ ასეთ მძიმე ბრალდებას და მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, აქ მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო და როდესაც ასეთი მტკიცებულება წარდგენილი არ არის, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ყველა დავრწმუნდით, რომ ეს ბრალდება იყო ტყუილი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინის დაზვერვის მიერ 1 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გუშინ უკრაინული გამოცემა UNIAN წერდა.
გამოცემა უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის მიერ რუსული პროდუქტის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე გატანა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ იგეგმება. მათივე თქმით, ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.
„წარმოადგინონ კონკრეტული მასალები“ | მმართველი პარტია უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე
02 მაისი, 2022