დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო უკრაინის წარმომადგენელი საგარეოში გამოიძახეს

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 მაისს, სამინისტროში გაიმართა შეხვედრა უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრიი კასიანოვთან.

დიპლომატი საგარეო უწყებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იქნა გამოძახებული.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას.

აქვე ნათქვამია, რომ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური შინაარსის წინა ბრალდებაზე (2022 წ. 5 აპრილს).

„აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ და აღნიშნა, რომ შესაბამის შეტყობინებას დედაქალაქს გადასცემდა. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ანდრიი კასიანოვმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებებისათვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან  რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გუშინ უკრაინული გამოცემა UNIAN წერდა.

გამოცემა უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის მიერ რუსული პროდუქტის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე გატანა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ იგეგმება. მათივე თქმით, ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

LB loan image desktop LB loan image mobile