გვექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძელზე აკეთებს ასეთ განცხადებას უკრაინის დაზვერვა – მინისტრი

პუბლიკა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უკრაინის დაზვერვის განცხადების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია უკრაინასთან იმის გასარკვევად თუ რა საფუძველი აქვს ამ განცხადებას.

„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ უკვე მეორედ და სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც არანაირი დამატებითი ინფორმაცია მოწოდებული არ არის.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ასეთი [დამატებით] ტიპის ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე კეთდება ასეთი განცხადებები“, – ამბობს ის.


უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან  რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გუშინ უკრაინული გამოცემა UNIAN წერდა.

გამოცემა უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის მიერ რუსული პროდუქტის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე გატანა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ იგეგმება. მათივე თქმით, ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.