მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ბელორუსში ახალი ელჩის დანიშვნა - პრეზიდენტი

პუბლიკა

„ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

,,არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა.

ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს.

ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად.

დღეს ჩვენ აფხაზეთზე ვსაუბრობთ. მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა. ისეთი რაღაცეები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ალბათ ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მათ შესაბამისი განცხადებები „ტვიტერზე“ გაავრცელეს.

საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.