„მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის შესწავლა“ - მინისტრი ბათუმში კლინიკის ჭერის ჩამოშლაზე

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ბათუმის ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთი პალატის ჭერის ჩამონგრევაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, არავინ დაშავებულა და მიზეზების შესწავლა მიმდინარეობს.

„გუშინ ერთ-ერთ პალატაში მსუბუქი თაბაშირ-მუყაოს მასალისაგან დამზადებული შეკიდული ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, რომლის შედეგადაც არავინ დაზიანებულა. პალატაში სულ ოთხი ბავშვი იყო და გადაიყვანეს გვერდით პალატაში უსაფრთხოდ. მობილიზდა საინჟინრო ჯგუფი და მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების შესწავლა, თუმცა, რაიმე სერიოზულ მიზეზს ადგილი არ ჰქონია დღევანდელი ინფორმაციით“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კლინიკის ადმინისტრაციამაც. მათი ცნობით, ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზა.