მიშელის განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარე - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიშელის განცხადება ზოგადი იყო და უნდა დაზუსტდეს 2030 წლისთვის გაფართოება რომელი ქვეყნებისთვის იგეგმება.

„ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარე. ზოგადად, კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ეს განცხადება ცოტა ზოგადი იყო და ვის შეეხება 2030 წელი, ეს არის საინტერესო. არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მიღებული აქვთ მაგალითად 18, 12 წლის წინ, ასეთი ქვეყნებიც არიან. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, მომავალში დაკონკრეტდება, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, ან რომელიც ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს, “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთბენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ის ამბობს, რომ ქვეყანას აქვს ხელშესახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე, ყველანაირი საფუძველი იქნება მზად იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი მზად არის, “- თქვა მან.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და ის ამისთვის უკვე მზად უნდა იყოს.