„მიზანი კრიტიკულად განწყობილი პირების დევნაა" - SJC ფეისბუქპოსტების გამო საქმეების წარმოებაზე

პუბლიკა

არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებისთვის საქმის წარმოების თვეების შემდეგ დაწყება ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი არა კანონდარღვევაზე რეაგირება და საზოგადოებრივი ინტერესების, ან სახელმწიფო უწყებების ავტორიტეტის დაცვა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების დევნა და საზოგადოებაში საინფორმაციო და ციფრული სივრცის მასობრივი კონტროლის აღქმის შექმნაა.

12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოებს შეურაცხყოფის საფუძვლით დაწყებული 18 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე  განიხილა. სასამართლოში დაბარებულ პირთა შორის არიან 6 ჟურნალისტი, ოპოზიციური პარტიების 5 წარმომადგენელი და 7 აქტივისტი/სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. მათგან უმეტესობას სასამართლო პროცესის შესახებ წინა საღამოს, არასამუშაო საათებში, აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს, პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის, ლაშა ტალახაძისა და თეა წულუკიანის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტებისა და კომენტარების დაწერას ედავება. ზოგიერთი საქმეზე სამართალწარმოება სოციალურ ქსელში თვეების წინ დაწერილი პოსტის გამო დაიწყო. მაგალითად, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს შსს 25 თებერვლის პოსტით მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამართალდარღვევის ჩადენის მთავარ მტკიცებულებას შსს-ის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს დეტექტივების მიერ შედგენილი მოქალაქეების სოციალური ქსელების დათვალიერების ოქმები წარმოადგენს.  სოციალური ქსელებში მოქალაქეების აქტივობის, მათ შორის თვეების წინ დაწერილი პოსტებისა და კომენტარების, მონიტორინგი ტოტალური კონტროლისა და კრიტიკული მოსაზრებების მიმართ ცენზურის დაწესების ისახავს მიზნად.

„ხაზგასასმელია, რომ სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდნენ “ქართული ოცნების” ის დეპუტატები, რომელთა “შეურაცხყოფის” საფუძველზე დაიწყო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოსამართლე, ლელა მილდენბერგერმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის (თავად ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ სხდომიდან გააძევა) შუამდგომლობა სხდომაზე ლაშა ტალახაძის მოწმედ გამოკითხვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ამის დრო არ იყო. ამგვარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი დაუსაბუთებელია, რამდენადაც დეპუტატის განსახილველ საქმესთან შემხებლობა აშკარაა და, ამდენად, სწორედ მას უნდა განემარტა, რატომ მიიჩნია ან მიიჩნია თუ არა პასუხისგებაში მიცემული პირის გამოხტვა შეურაცხმყოფელად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით –  “სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად 2025 წლის თებერვლის რეპრესიული საკონონმდებლო ცვლილებებებით იქცა. ამ ქმედებისთვის არაპროპროპორციულად მაღალი სანქციაა (1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა) განსაზღვრული. ეს მუხლი, ისევე როგორც თებერვალში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მთელი პაკეტი, კრიტიკულად შეაფასა არაერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, მათ შორის, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა, მიმდინარე წლის მარტში.

გარდა იმისა, რომ თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მუხლი არაკონსტიტუციურია, აქვს განჭვრეტადობის პრობლემები და არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას,[8] განსაკუთრებულად შემაშფოთებელია მისი მოქმედების ციფრულ სივრცეზე გავრცელება. თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია პოლიტიკური აქტივიზმისა და საპროტესტო მოძრაობის ორგანიზების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. სოციალურ ქსელში პოლიტიკური გამოხატვისთვის მოქალაქეების დასჯა მასობრივი და ავტომატური კონტროლის განცდას აჩენს და მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებაზე.

პოლიტიკოსის (და მით უფრო, სოციალურ ქსელში) მისამართით კრიტიკული, თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოხატვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Özlü v. Türkiye თურქეთის ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა, რადგან ჟურნალისტის მიერ პლატფორმა – Twitter-ზე (ახლანდელ X-ზე) გამოქვეყნებული მკვეთრად კრიტიკული პოსტები, მიუხედავად სიმწვავისა, არ შეფასდა ძალადობის წამახალისებელ მოწოდებად ან სიძულვილის ენის გამოვლინებად. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები მიემართებოდა სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირებს – ოფიციალურ წარმომადგენლებს, ხოლო პოსტების შინაარსი უკავშირდებოდა პოლიტიკურ და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელზეც არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი.[9]

ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში გაუსვამს ხაზი ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ფარგლებზე. საქმეში Ahmet Hüsrev Altan v.Turkey ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ადამიანის უფლებების კომისრის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტებისთვის ცენზურის დაწესება მედია სივრცესა და მთელ საზოგადოებაში საჯარო მნიშვნელობის საკითხებზე კრიტიკული ინფორმაციის გავრცელებისთვის მსუსხავ და დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. სასამართლოს შეფასებით, არაძალადობრივი შეხედულებების გამოხატვისთვის ჟურნალისტებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მათ გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს.

აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებისა და დევნისთვის, საჯარო და კერძო ფიზიკური სირცეების მიღმა, აქტიურად იყენებს ინტერნეტ სივრცეში ცენზურის დაწესების მექანიზმსაც. ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო სრულად უგულებელყოფს ადამიანის უფლებების სტანდარტებსა და პასუხისგებაში მიცემული პირების საპროცესო უფლებებს” – წერია განცხადებაში.