ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა, მაგრამ აღიარა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. სტატუსის მისაღებად ქვეყანას ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად 6-თვიანი ვადა მისცა და უთხრა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა.
ევროკომისიის რეკომენდაციები 12 პუნქტს მოიცავს. მმართველმა პარტიამ და სამოქალაქო სექტორმა ამ რეკომენდაციების შესრულების გეგმა და ვადები პუნქტობრივად წარმოადგინეს.
„პუბლიკა“ შემოგთავაზებთ მასალებს და გაგაცნობთ ევროკომისიის რეკომენდაციების რამდენიმე საკვანძო პუნქტზე „ოცნებისა“ და სამოქალაქო სექტორის თვალთახედვას. შევეცდებით, გაჩვენოთ, ამ თვალთახედვიდან რომელი ღონისძიებებია უფრო მკაფიო და რამდენად მიიყვანს ქვეყანას მმართველი პარტიის შემოთავაზებული გეგმა მიზნამდე – მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი.
ევროკომისიის რეკომენდაციებს წინ უძღოდა 9 ივლისს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოში „მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“. რეზოლუციას მხარი 300-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.
ამ რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მიუთითებდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის როლზე საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესების კუთხით. რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც ოლიგარქი.
ევროპარლამენტი რეზოლუციაში მოუწოდებდა საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განეხილათ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე.
„გამოვხატავთ შეშფოთებას დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ასრულებს ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ასევე, კონტროლის იმ დონეზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე.
ღრმად ვართ შეშფოთებულნი ივანიშვილის გამოაშკარავებული პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით“, – წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამას მოჰყვა, 17 ივლისს, ევროკომისიის რეკომენდაციები, რომელშიც ცალკე პუნქტად გამოყოფილია სწორედ დეოლიგარქიზაციის საკითხი.
პუნქტი 5. დეოლიგარქიზაცია
რა წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში? – უნდა შესრულდეს „დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რასაც უნდა მიაღწიონ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით.
როგორ აპირებს „ოცნება“ ამ პუნქტის შესრულებას? –მმართველი პარტიის წარმოდგენილი გეგმით, ამ პუნქტთან მიმართებაშიც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სამუშაო ჯგუფი კი იმუშავებს დეოლიგარქიის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა.
თუმცა აქვე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები მედიასთან ამბობენ, რომ ევროკომისიის ამ პუნქტში ბიძინა ივანიშვილი არ არის ნაგულისხმევი.
რა წერია ამ პუნქტთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის მიერ წარმოდგენილ თვალთახედვაში? – რეკომენდაციების ყველა პუნქტის შესახებ თვალთახედვა წარმოადგინა სამოქალაქო სექტორმა. გეგმას ხელს 22 არამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ რეკომმედაციებში მოცემული ყველა სხვა პირობის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება.
ამ მხრივ კი, როგორც ისინი ამბობენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობით მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალი წესის მიღება, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება.
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის დეოლიგარქიზაცია რომ მნიშვნელოვანი საკითხია, ამაზე დიდი ხანია არასამთავრობო სექტორთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს ამბობდა, რომ დეოლიგარქიზაციაზე უკრაინის კანონის „დაკოპირებაც“ შესაძლებელია განიხილონ.
ვინ არის ოლიგარქი – რა წერია უკრაინის ანტიოლიგარქიულ კანონში შეგიძლიათ გაეცნოთ „პუბლიკის“ სტატიას: