მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ 9 პირი – ნინო ქათამაძე, გელა მთივლიშვილი, მაია ცირამუა, ვლადიმერ აფხაზავა, ხვიჩა ვაშაყმაძე, ირინა ზარანდია, ქეთევან ფილაური, ეკა კუხალაშვილი და გივი ცინცაძე სამართალდამრღვევებად ცნო და 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
მათ 26 იანვარს მოსამართლის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან სოლიდარობის სიმბოლური აქტით გააპროტესტეს „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა.
როგორც ისინი ამბობენ, მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქცია იყო პასუხი 25 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა განუხილველად დატოვა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მიცემული პირების ინტერესების დამცველებმა სხდომაზე რამდენიმე მიმართულებით არგუმენტები წარმოადგინეს. მათი თქმით, მოსამართლის სახლთან შეკრებას ჰქონდა სიმბოლური მნიშვნელობა, რითაც საფრთხე ან დისკომფორტი არ შექმნია იქ მცხოვრებლებს.
ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, რატომ არ მიუთითეს შეკრებილ მოქალაქეებს, რომ ისინი პოტენციურ სამართალდარღვევას სჩადიოდნენ. აღნიშნულზე შსს-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოწოდება არ შეცვლიდა ფაქტს, რომ აქციის მონაწილეებს სავარაუდო სამართალდარღვევა უკვე ჩადენილი ჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხდომაზე მოითხოვა, რომ სასამართლოს ცხრავე პირი სამართალდამრღვევად ეცნო და სახდელის სახით ჯარიმა გამოეყენებინა.
7 თებერვალს აქციის 9 მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილით 15 დღემდე ვადით დაპატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა ამ მუხლის 6 თებერვალს მიღებული ახალი რედაქციის მიხედვით, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრების გამართვა ისჯება 5 000-ლარიანი ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობით.