მრავალეთნიკურობა ნაჩვენებია, როგორც შუღლის გაღვივების წყარო – EMC სუს-ის ანგარიშზე

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება.

EMC პრობლემურად მიიჩნევს დოკუმენტში მოყვანილ არაერთ მსჯელობას, რომელიც, ორგანიზაციის განცხადებით, ხელს უწყობს კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზებას.

„ანგარიში მხოლოდ ზედაპირულ და პოპულისტურ ინფორმაციას შეიცავს ოკუპაციის, კონტრტერორიზმსა და სხვა სენსიტიურ საკითხებზე, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის როგორც პარლამენტის, ასევე საზოგადოების მიერ უწყების საქმიანობის ეფექტიან ზედამხედველობასა და მონიტორინგს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ანგარიშში ქართული მოსახლეობის მრავალეთნიკურობა ნაჩვენებია როგორც სეპარატიზმისა და შუღლის გაღვივების პოტენციური წინაპირობა. „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად პრობლემურია სახელმწიფოს მიდგომა ეთნიკური უმცირესობების მიმართ, როგორ უწყობს უსაფრთხოების მზერის ქვეშ ამ ჯგუფების მოქცევა მათ გარიყვას, და რამდენად უკანა პლანზეა გადატანილი ამ ჯგუფების ინკლუზიის, თანასწორობისა და მონაწილეობის საკითხები“. – წერია შეფასებაში.

EMC-ში მიიჩნევენ, რომ ანგარიშში პრობლემურად არის დანახული  20 ივნისის მოვლენებიც, „როგორც ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის მცდელობა, თუმცა არაა შეფასებული წინარე მოვლენები, რამაც გამოიწვია მოსახლეობის ფართომასშტაბიანი პროტესტი საქართველოს პარლამენტის წინ. ამ შემთხვევაშიც საზოგადოებრივი უკმაყოფილების მიზეზების ანალიზის ნაცვლად, აქცენტი გადატანილია პოტენციურ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა ამ უკმაყოფილებას მოჰყოლოდა“.

დოკუმენტის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.