ჯანდაცვის სამინისტრო: მოხდა აქციაზე დაშავებული 8 პირის ჰოსპიტალიზაცია

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 1-2 მაისის აქციაზე დაშავებული 8 პირის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე – ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

ჯანდაცვის უწყებისვე ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის, ერთ სამართალდამცველს. მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა.

1 მაისს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან. რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა.

სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვია გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც.

ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ჭიშკარზე ევროკავშირის დროშა ჩამოკიდა. მას წიწაკის სპრეი შეასხეს. მალევე ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

30 აპრილი-1 მაისის ღამეს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცრაზმი, წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ ფიზიკურად იძალადა დემონსტრანტებზე.

მათ შორის, სასტიკად სცემეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს. მას ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 63 დემონსტრანტი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით.