მრჩევლების პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდოდ გამოიყენება ე.წ. „ოდეერების“ დასანიშნად - IDFI

პუბლიკა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკის შესახებ კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების (CV) ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდოდ გამოიყენება ე.წ. „ოდეერიების“ (ОДР – офицер действующего резерва) ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის დასანიშნად.

2015 წელს განისაზღვრა მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო უწყებების სია (25 უწყება), სადაც შესაძლებელია რომ მივლენილი იყვნენ „ოდეერები“.

კვლევის ფარგლებში, IDFI-ს მიერ გამოვლენილი ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული სავარაუდო ოდეერები, უმეტესწილად დასაქმებული არიან იმ სამინისტროებს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში, რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიეკუთვნებიან მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს. მაგალითად, IDFI-ს მიერ სავარაუდო ოდეერები იდენტიფიცირებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებულ ორ უწყებაში – სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ორგანიზაციამ აღმოაჩინა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ე.წ. „ოდეერები“ საქმიანობას ახორციელებენ იმ უწყებებში, რომლებსაც არ მოიცავს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა.

IDFI-ს ყურადღება მიიპყრო იმან, რომ „სსიპ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს“ ვებ-გვერდზე დაფარული იყო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი უკლებას ბიოგრაფიული მონაცემები.

IDFI განმარტავს, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი უკლებას დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ აქვს, რადგან „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე თანამდებობის პირებად არ ითვლებიან.

გარდა ამისა, 2017 წლის რეგულაციით, საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარაა იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციები, რომელთა თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული. სწორედ ამ ცვლილების შედეგად სხვადასხვა თანამდებობის პირების, მათ შორის გიორგი უკლებას მიერ 2016 წლამდე შევსებული დეკლარაციები სისტემიდან წაშლილია.

IDFI წერს, რომ შემონახული აქვთ მისი 2013-2014 წლების დეკლარაციები, რომლითაც დასტურდება, რომ ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცერი უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილე და ამავე დროს სავარაუდოდ ასრულებდა ე.წ. „ოდეერის“ მოვალეობას სხვადასხვა უწყებაში.

„აღნიშნული გარემოებები, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს რომ გიორგი უკლება კვლავ ასრულებდეს ე.წ ოდეერის ფუნქცია მოვალეობას, ისეთ უწყებაში რომელიც მთავრობის დადგენილებით არ მიეკუთვნება სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხას“, – ასკვნის ორგანიზაცია.

IDFI-მ სავარაუდო „ოდეერი“ აღმოაჩინა განათლების სამინისტროშიც – მათი თქმით, ეჭვს აჩენს ნაეკის დირექტორის მრჩევლის პოზიცია, რომლის ფუნქციას წარმოადგენს უსაფრთხოების საკითხებში დირექტორისთვის რჩევის გაცემა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირის ვინაობა და ბიოგრაფიული მონაცემები არ გაასაჯაროვა ხოლო მოწოდებული სამუშაოს აღწერილობა არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას მისი რეალური ფუნქცია-მოვალეობების შესახებ“,- წერს ორგანიზაცია.


IDFI-ის კვლევის ძირითადი მიგნებით:

– 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის, ხოლო 100 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

– 2020 წლის საწყის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე 125,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელს 20,4 მილიონით (19%) აღემატება.

– სამინისტროებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირთა უმრავლესობას მინისტრის მრჩევლები წარმოადგენენ, მათი ანაზღაურება კი 2,800 ლარიდან 6,000 ლარამდე მერყეობს.

– ცალკეულ შემთხვევებში, შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია ისეთ პოზიციაზე, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმება.

– 2019 წელს  კვლევის სამიზნე 31 სსიპ-ში, გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების რაოდენობა გაზრდილია 18%-ით. 2018 წელს დადებული 4,629 ხელშეკრულებიდან, 2019 წელს ამ რაოდენობამ უკვე 5,452-ს მიაღწია.

– საჯარო დაწესებულებების მიერ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რეესტრში, ასახული ხელშეკრულების საგანი და პოზიციების დასახელებები, ხშირ შემთხვევაში,  ბუნდოვანია  და არ იძლევა დასაქმებული პირების სამუშაოს აღწერილობის შესახებ ინფორმაციას.

– ბუნდოვან პოზიციებზე ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურება შესაძლებელია განსხვავებული იყოს როგორც სხვადასხვა, ასევე ერთი და იგივე საჯარო დაწესებულებაში. მაგალითად, კონსულტანტის ან ექსპერტის ანაზღაურება სხვადასხვა უწყებაში მერყეობს 1,000 ლარიდან 4,000 ლარამდე.

შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ფიქსირდება საგრძნობლად მაღალი ანაზღაურება სხვა უწყებებთან შედარებით, ისეთ სტანდარტულ პოზიციებზეც როგორიც არის მუშა/დამლაგებელი/მებაღე, ეროვნულ ცენტრში გათვალისწინებულია 1200 ლარი, როდესაც სხვა უწყებებში ამ პოზიციების ანაზღაურება საშუალოდ 400 ლარს შეადგენს.

მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების (CV) ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდოდ გამოიყენება ე.წ. „ოდეერების“ დასანიშნად.

– 104 საჯარო დაწესებულებიდან, ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია (ხელშეკრულების საგანი და ანაზღაურება)  მხოლოდ  48 უწყებამ გასცა.


ძირითადი მიგენებების ანალიზის შედეგად ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ბოლო წლებში საჯარო სამსახურში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა.

IDFI-ის შეფასებით, ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების ბუნდოვანება და მსგავს პოზიციებზე მნიშვნელოვნად განსხვავებული შრომის ანაზღაურების  პრაქტიკა, მნიშვნელოვნად ზრდის ნეპოტიზმისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს. მსგავს რისკებს, ასევე მნიშვნელოვნად ზრდის ხელშეკრულებით დასაქმების გაუმჭვირვალე პროცესი.

კვლევაში განხილული გარემოებების გათვალისწინებით, IDFI საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

 – გადაიხედოს თანამშრომელთა ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ნეპოტიზმის, მიკერძოების და კორუფციის რისკები.

 – დეტალურად განისაზღვროს ხელშეკრულებით დასაქმებული ბუნდოვანი პოზიციების (მრჩეველი. კონსულტანტი, ექსპერტი და ა.შ.) ფუნქცია მოვალეობები;

 – შემუშავდეს ერთიანი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების სამართლიან დარეგულირებას.


IDFI-მ შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა 104 უწყებას (სამინისტროები, მათი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყებები). ორგნიზაციის ცნობით,  კვლევის ფარგლებში სამიზნე უწყებებიდან მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაცია:

– 2018-2019 წლებში შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებული პირების რეესტრი (ანაზღაურების და ხელშეკრულების საგნის მითითებით).

– ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემები და მათი ხელშეკრულების ასლები.

„ხელშეკრულებების რეესტრის შესახებ სრულყოფილი პასუხი მიღებულია მხოლოდ 6 სამინისტროდან, 31- სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-იდან და 11 სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყებიდან. ხოლო რაც შეეხება მრჩევლების შესახებ მონაცემებს, მხოლოდ 14-მა უწყებამ მოგვაწოდა სრულყოფილი პასუხი, 14-მა უარი განაცხადა ინფორმაციის გასაჯაროებაზე და 42-მა გვაცნობა რომ მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირი არ ყავთ“, – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე.