საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დღეს გამართული სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. როგორც ოქმშია ნათქვამი, საპტრიარქო კანდიდატების გამოსარჩევად გამართულ კენჭისყრამდე სინოდმა ასაკისა და განათლების შესახებ 1995 წლის დებულებაზე იმსჯელა, რომელიც გავრცელებული ცნობების მიხედვით, წყვეტდა მიტროპოლიტების – დანიელისა და ისაიას კვალიფიციურობას მომავალი პატრიარქის კანდიდატურისთვის
„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 3 აპრილის წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-2 პუნქტთან (საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების შესახებ) დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებს შესთავაზა, გამოეთქვათ მოსაზრებები საკითხების თაობაზე, რათა ჩამოყალიბებულიყო წმინდა სინოდის საბოლოო პოზიცია.
აზრი გამოთქვეს: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია), დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), რომელმაც საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა თავისი მიმართვა წმინდა სინოდისადმი (დანართი N1)“, – ნათქვამია სინოდის ოქმში.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიხედვით, ამ საკითხზე აზრის გამოთქმის შემდეგ იმსჯელეს სხვა მღველმთავრებმაც, რომელთა ვინაობაც ოქმშია მითითებული, შემდეგ კი მიტროპოლიტმა შიომ კენჭისყრაზე დააყენა ამ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობა.
„წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა საკითხების განხილვის შეწყვეტას. ამასთან დაკავშირებით ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს (ფაჩუაშვილი) ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება.
წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-2 პუნქტთან მიმართებით, მოცემულ ვითარებაში –კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება“, – აღნიშნულია სინოდის ოქმში.
სინოდის ოქმში ასევე მითითებულია, ვინ მიიღო პატრიარქობის კანდიდატების გამოსარჩევად გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა და როგორ გადანაწილდა ხმები:
„კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – 20 ხმა;
2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;
3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა;
4. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) – 0 ხმა;
5. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე) – 1 ხმა;
6. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) – 2 ხმა.
ერთ ბიულეტენზე არცერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომ ის ბათილად იქნა მიჩნეული.
ამგვარად, გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებად წარდგებიან:
1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)“, – აღნიშნულია სინოდის ოქმში.