„მწვანე ალტერნატივა” და საია ნამახვანის ჰესების პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ და შესაბამისი სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.
წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდ. რიონზე დაგეგმილი ორსაფეხურიანი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ორგანიზაციები შემდეგი მიზეზების გამო მოითხოვენ:
„ჰესის მშენებელმა კომპანიამ – შპს „ენკა რინიუებლზმა“ არ უზრუნველყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისათვის შესაძლო საფრთხის გამოვლენისათვის კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული კვლევების ჩატარება. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაინც გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და ნებართვის მფლობელს გადაწყვეტილების შემდგომ დაავალა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა.
ამასთან, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად დაირღვა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო განხილვის წესები და დაინტერესებულ საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეეზღუდა”, – აცხადებენ ორგანიზაციები.
მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობა. პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი 433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად, გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.