ნარკოტიკულ დანაშაულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 51%-ით გაიზარდა – IDFI

ნათია ამირანაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სულ დარეგისტრირდა 64 123 დანაშაული, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს, – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2019 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზს აქვეყნებს.

IDFI-ის ანალიზით, სხვა რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯგუფების ზრდის მაჩვენებელი 1.55%-დან 51%-მდე მერყეობს.

„მაგალითად, ნარკოტიკულ დანაშაულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 51%-ით არის გაზრდილი, რაც უმეტესწილად ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარების 1 056 შემთხვევით მატებამ განაპირობა. გარდა ამისა, წინა წელთან შედარებით 108%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვის მუხლით, ხოლო 24%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების მუხლით რეგისტრირებული დანაშაული. ამ კატეგორიის დანაშაულების მატება, გარკვეულწილად შესაძლებელია წინა წელთან შედარებით ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას  უკავშირდებოდეს“, – წერს IDFI.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მაგალითად, 2019 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და 273 პრიმა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (273-ე მუხლი – ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ფლობა ან მოხმარება; 273-ე პრიმა – მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) 2004 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2018 წელს – 948;

გაზრდილია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების ფლობის დანაშაულის მაჩვენებელიც (სსკ-ის 260-ე მუხლი). 2018 წ. – 2 611; 2019 წელი – 3 239;

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, 2019 წელს 45-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (პირველ ჯერზე ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ფლობა ან მოხმარება) 1 068 შემთხვევა აღირიცხა.


IDFI-ის ცნობით, ცალკეული დანაშაულების რეგისტრირებული მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით, ასევე, აღსანიშნავია: გაუპატიურება (+24%, +23 შემთხვევა), ცივი იარაღის ტარება (+31,5% +119 შემთხვევა), მუქარა (+23,12%, +413 შემთხვევა) სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული( + 55,39%, + 534 შემთხვევა), ყალბი დოკუმენტების დამზადება(+25,2%, +449 შემთხვევა), კომპიუტერული დანაშაული (+42,43%,+538 შემთხვევა) და სხვ.

სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, გარკვეულწილად შემცირდა სატრანსპორტო დანაშაული (-6,09%), სამოხელეო დანაშაული (-1,55%), მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაული (-15,14%).