ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს, დანარჩენი ფორმალური განცხადებები გვესმის - ღარიბაშვილი ზელენსკიზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობაა და ეს გამოჩნდა მეგის ქარდავასა თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეებშიც, ხოლო „დანარჩენი ფორმალური ხასიათის განცხადებები მათ ესმით“.

ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერის განცხადებას, რომ ზელენსკი შეშფოთებულია სააკაშვილის დაკავებით და მოელის ქართული მხარისგან მისი დაკავების გარემოებებისა და მიზეზების განმარტებას.

„მე უკრაინულ მხარეს მადლობას ვუხდი საჯაროდაც. მადლობას ვუხდი ჩვენს უკრაინელ კოლეგას, ვინაიდან ჩვენ ბოლო პერიოდში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს.

თუნდაც მეგის ქარდავას საქმე და ახლა უკვე სააკაშვილის საქმე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. დანარჩენი ახლა… ეს ფორმალური ხასიათის განცხადებები ჩვენ გვესმის.

პროცესი, რა თქმა უნდა, მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია და ჩვენ არც ერთ შეკითხვას არ დავტოვებთ პასუხგაუცემელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას წუხელ გამოეხმაურა. სერგეი ნიკიფოროვი Facebook-ზე წერდა, რომ უკრაინა სიფრთხილით აკვირდება უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს.

„პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ასეთი ამბითა და იმ განცხადებების ტონით, რომლებიც ისმის საქართველოში სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, რომ განმარტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ გადადგმული ნაბიჯების გარემოება და მიზეზები.

საქართველოში უკრაინის საელჩოს ჯერ კიდევ არ მიუღია დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს აღმოვუჩინოთ ყველა სახის დახმარება, რაც მას სჭირდება“, – წერდა ნიკიფოროვი Facebook-ზე.