NGO-ები: მოსამართლეთა დღევანდელ კონფერენციას გავლენა ექნება EU-ში გაწევრების მიზნებზე

პუბლიკა

დღეს, 24 მარტს მოსამართლეთა 32-ე კონფერენცია გაიმართება.

დღის წესრიგის თანახმად, კონფერენცია, სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მდივნის არჩევვასა და „სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“ იმსჯელებს.

ეს, სავარაუდოდ, „ვეტინგს” შეეხება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციაა და რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს. „ვეტინგი” უნდა შეეხოს არა ყველას, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს.

„ვეტინგს” კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც „ქართული ოცნების” ხელისუფლება, ისე – სასამართლოების ლიდერები – ის პირები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „მოსამართლეთა კლანის” წევრებად მოიხსენიებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის” აცხადებს, რომ დღევანდელ კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზნებისთვის, ვინაიდან სასამართლოს სისტემის გაჯანსაღება ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა.

კოალიციისვე განცხადებით, მოსამართლეთა კონფერენციებზე დაკვირვების წინარე გამოცდილებამ აჩვენა, რომ „სასამართლო თვითმმართველობის ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი, ძირითადად, პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის, გასაძლიერებლად გამოიყენებოდა”.

ასევე, ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ მათ, კონფერენციის დღის წესრიგიდან გამომდინარე და მითითებული გამოცდილების გათვალისწინებით, აქვთ საფუძველი, ივარაუდონ, რომ „კლანი კვლავ შეეცდება, მართლმსაჯულების ადმინისტრირების წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს”.

„ამის საფუძველზე კი, მოსამართლეთა მოჩვენებითი ერთიანობით მოხდება განსხვავებული აზრის მქონე პირთა, მათ შორის, იმ მოსამართლეების დისკრედიტაცია, რომლებიც მზაობას გამოხატავენ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნებისთვის, გადამოწმდეს მათი კეთილსინდისიერება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება კონფერენციაზე მოსამართლეთა მიერ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის თუ პარტიული ინტერესებისგან დაცლილი ჯანსაღი პოზიციების დაფიქსირებას.

გამოვთქვამთ იმედს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა გაუმკლავდება პოლიტიკურ, პროფესიულ თუ პირად თავდასხმებს და 2024 წლის 24 მარტს გასამართ კონფერენციაზე გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ინტერესების და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერენ მას”. – ნათქვამია კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის” განცხადებაში.