ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. ის სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა. თუმცა გუშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ჰყვება, რომ ბასილაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვნის თანდასწრებით მაშინ მიაყენა, როცა მასთან შვილის წასაყვანად მივიდა. მისი თქმით, ჩოგბურთელი ფიზიკურად გაუსწორდა. მას გამოძიების ფარგლებში შესაბამისი ექსპერტიზაც უტარდება. ნელი დოროყაშვილი ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბარში ჰყვება, რომ ჩოგბურთელთან ერთად იყო მამამისიც, რომელიც „რაღაც საგნით“ გამოეკიდა.
განცხადება გაავრცელა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა, მოგვიანებით კი თავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ის უარყოფს ძალადობის ფაქტს და ამბობს, რომ არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შევიდეს ყოფილ ცოლთან. ბასილაშვილის ოჯახის მტკიცებით, 21 მაისს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა და გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას.
ჩოგბურთელის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს. ის დღეს მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები იცავენ. დღეს იურისტებმა ანა აბაშიძემ და ანა თავხელიძემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქმის შესახებ ისაუბრეს.
ორივე მხარე საუბრობს იმაზე, რომ არ სურთ საქმის დეტალების და მტკიცებულებების გასაჯაროება, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე.
რას ამბობენ დაზარალებული ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველები?
„ქალის მიმართ ასეთი ბრალდება, რომელმაც შეძლო გადადგა ასეთი ნაბიჯი, თავისი თავის და შვილის დასაცავად, წინასწარვე ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა ადვილი, ის ზეწოლა, რომელიც ბევრი ადამიანისგან მის მიმართ ხორციელდება არც ეთიკურია და არც სამართლებრივად სწორი”, – ამბობს ანა აბაშიძე.
როგორც იურისტი ამბობს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ძალადობრივ გამოცდილებაზე საუბარი ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახის წევრს ეხება საქმე.
„რაც შეეხება თავად დაზარალებულს, გვინდა, მოგაწოდოთ მის შესახებ ინფორმაცია, რომელიც, სამწუხაროდ, არ გადის მედიასაშუალებებში სათანადოდ და სხვადასხვა სტერეოტიპებით არის გაჯერებული ის სიუჟეტები, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის ეს ქალი და რა როლი აქვს მას თავად ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვილად არის ბევრი ადამიანისთვის სპორტულ სამყაროში მისაბაძი ადამიანი და მის დამსახურებები ხაზგასასმელია, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი უნდა ძალადობდეს ვინმეზე. მარტო იმიტომ, რომ ის წარმატებულია, ჩვენ უნდა გავჩუმდეთ. ეს არ ნიშნავს არც სამართლებლივ სახელმწიფოს და არც განვითარებულ საზოგადოებას. ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას დღევანდელ მდგომარეობაში რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი ვისკენაც მას შეუძლია ხელი გაიშვიროს, არის საკუთარი თავი”, – ამბობს ანა აბაშიძე.
იურისტი ანა თავხელიძე, რომელიც იცავს ასევე დაზარალებული ნელი დოროყაშვილის ინტერესებს, ამბობს, რომ საქმის დეტალებში არ შევლენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანების პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი გახდეს.
„ორ საკითხს შევეხები, აქ არ არის ერთ კონკრეტულ ინციდენტზე და ძალადობის ერთ კონკრეტულ ფაქტზე საუბარი. აქ არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, რომელიც სხვადასხვა დროს და ადგილას ხდებოდა, სხვადასხვა ფორმით, რაც არის დამატებით გამოძიების საგანი და მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს არ მიმართულებით.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რაც ხშირად გასნჯადი თემაა დღეს საზოგადოებაში, არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები. ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რასაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო დაეყრდნობა. საუბარია სხვადასხვა მტკიცებულებებზე – მოწმეთა ჩვენებებზე, ფოტო- და ვიდეომასალაზე, საუბარია ასევე ექსპერტიზის შეფასებებზე. მთავარია, რომ გამოძიება გრძელდება ამ საქმეზე და ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ არაერთ მტკიცებულებას მოიპოვებს სახელმწიფო”, – ამბობს ანა თავხელიძე.
იურისტებმა ასევე ისაუბრეს ორდერის შესახებაც, რომელიც პოლიციამ ბავშვის ბებიის მიმართ გამოსცა. ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი სასამართლომ მალევე გააუქმა.
ანა აბაშიძე, საუბრობს იმაზეც, რომ თითქოს ადრე ორდერი გამოიცა ბავშვის ბებიის მიმართ და ეს ორდერი ცალსახად გააუქმა სასამართლომ, არასწორია.
„პირველ რიგში, როცა დედა ბავშვს უშვებს მეორე მშობელთან, ვინც არ უნდა იყოს ბავშვთან მიმართებაში ძალადობის განმახორციელებელი, მამა როგორც კანონიერი წარმომადგენელი, ვალდებულია დაიცვას ბავშვი საფრთხისგან, თუ ამას ვერ ახერხებს, ეს არის ძალადობის ფორმა და ამას ჰქვია უგულებელყოფა. განცალკევება იმისა, რომ ბებია ძალადობდა და ამასთან შემხებლობა არ ჰქონია ნიკოლოზ ბასილაშვილს, არასწორია.
ორდერი მართლაც გამოიცა პოლიციის მხრიდან ბებიის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. პირველმა ინსტანციამ ორდერი ძალაში დატოვა, სააპელაციომ გააუქმა ორდერი. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის სახელს და გვარს ახლა არ ვამბობთ, მაგრამ დადგება დრო, როცა ეს ცნობილი გახდება. მან სრულიად სტერეოტიპული და წინასწარი განწყობების ფონზე გააუქმა ორდერი. საქმეში იყო ბავშვის მოსაზრებები, მტკიცებულებები და ეს არ გაითვალისწინა.
სწორედ ამ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში, სწორედ ახლა იწერება ის საჩივარი, რომელზეც სახელმწიფო აგებს პასუხს”, – ამბობს ანა აბაშიძე.
ის ასევე ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. საქმე ეხება, 100 000 დოლარს, რომელიც, მისი თქმით, სპეკულაციის საგანია. მისი თქმით, მას აქვს სასამართლოს განჩინება, რომელიც ასევე საგამოძიებო ორგანოს ხელშიცაა, სადაც ნათქვამია, რომ ეს თანხა, როგორც საკუთრება განქორწინების დროს, სასამართლომ ნელი დოროყაშვილს მიაკუთვნა.
„არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს არის ქონებრივი ინტერესი და ა.შ. ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, თანაცხოვრების დროს შეძენილი და დაგროვილი ქონება იყოფა თანაბრად და ეკუთვნის ორივე მხარეს. თითქოს ეს ნაჩუქარი იყო და კეთილი ნება ბასილაშვილის, არასწორია. ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ნელის, რადგან ეს არის მისი საკუთრება. არსებობს განჩინება, სადაც წერია, რომ ქონება გაიყო. ნელი იმაზე ნაკლებს დათანხმდა, ვიდრე ეკუთვნოდა, რადგან არ უნდოდა ამ კონფლიქტში შესვლა და დათანხმდა მორიგებას. ის 100 000 დოლარი ჯერ არ გადახდილა. 15 ათასი დოლარი გადახდილია, რადგან სასამართლომ განუსაზღვრა სწორედ ასეთი ვადა. მას მოუწევს დარჩენილი თანხის 2021 წლის ბოლომდე გადახდა, რაც განჩინებაშიც წერია. ასე რომ, კამათი და ჭორები იმის შესახებ, რომ სოლიდურ თანხას აძლევდა თავის ყოფილ მეუღლეს არის უსაფუძვლო”, – ამბობს ანა აბაშიძე.
იურისტები ამბობენ, რომ იმედი აქვთ, პროკურატურა გამოძიებას ქალის ინტერესების შესაბამისად დაასრულებს.