არ ვაპირებ, საჯარო დისკუსიაში შევიდე და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა - ბასილაშვილი

პუბლიკა

საპატიმროს დატოვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი. მანამდე კი, არ მსურს, ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ, საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბასილაშვილის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ბასილაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლეს სასამართლოში იურისტების დახმარებით დაამტკიცებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო დააკისრა.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ითვალისწინებს ოჯახურ ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.