ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას - იან კელი კობახიძეს

პუბლიკა

„ირაკლი კობახიძე, ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ ის არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის.

2 დეკემბერს ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „დაბალი ბარიერი ქმნის მრავალფეროვან წარმომადგენლობას, ხოლო მაშინ, როცა ერთი პარტია ყველაფერს მართავს, წარმოშობს უმრავლესობის ტირანიის რისკს“.

ელჩის განცხადების საპასუხოდ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემაა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს. მანვე დასძინა, რომ „ამას ამბობს, როგორც ექსპერტი და რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი“.

კობახიძის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა. თავად კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება მასაც აქვს და აღნიშნა, რომ მათ შორის მიღებული აქვს მონაწილეობა კონსტიტუციის შემუშავებაშიც.