როცა ყველაფერს ერთი პარტია მართავს, უმრავლესობის ტირანიის რისკი იქმნება - დეგნანი

პუბლიკა

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მოლაპარაკებისას საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდა, რომ დაბალი ბარიერი საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი. ამიტომ, სამწუხარო იქნება, თუკი ეს ცვლილებები არ გატარდება.

კელი დეგნანის თქმით, დაბალი ბარიერი ქმნის მრავალფეროვან წარმომადგენლობას, ხოლო მაშინ, როცა ერთი პარტია ყველაფერს მართავს, წარმოშობს უმრავლესობის ტირანიის რისკს.

„როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია საჭიროებს შეხედულებათა მრავალფეროვნებას. როცა ერთი პარტია მართავს ყველაფერს, ეს ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და წარმოშობს უმრავლესობის ტირანიის რისკს.

საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი მოლაპარაკებისას შეთანხმდა, რომ დაბალი ბარიერი იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი. ამაზე იყო საუბარი 19 აპრილის შეთანხმებაში და ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პოზიტიური შედეგიც. დაბალმა ბარიერმა 9 ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება.

ხოლო თუკი არსებული 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება, დიდი ალბათობით, 2 ან 3 პარტია გადალახავს ბარიერს.

ეს არ არის ის ტრაექტორია, რაც უზრუნველყოფს პლურალიზმს, უზრუნველყოფს განსხვავებული მოსაზრებების წარმომადგენლობას პარლამენტში.

ვიცი, რომ ამას დაეთანხმა საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი. ეს იყო საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციაც საქართველოსთვის. სამწუხარო იქნება, თუ არ შესრულდება ის, რაზეც ყველა პარტია, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდა, რომ პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა საქართველოსთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


არტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვერ ხედავს საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობას.

„ბევრი რამე იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებაზე. დღეს ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არავითარი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, გამომდინარე იქედან, რომ ის ბარიერი, რომელიც მოქმედებს დღეს და რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან, უფრო სწორად, არის სრულიად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5%-იანი ბარიერით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, კობახიძის თქმით, მისი აზრია, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ახლა კანონპროექტითაა გათვალისწინებული, მიღების შემთხვევაში, 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მისი თქმით, ეს ეხება როგორც საარჩევნო ბარიერს, ისე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე მუშაობა და განხილვა არ მიმდინარეობს.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები, 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი, ეს ვადამდელი არჩევნები, გასული წლის მსგავსად, 120+30 სისტემით უნდა ჩატარდეს, 1%-იანი ბარიერით, სადაც 30 მანდატი ისევ მაჟორიტარების იქნება.

ამ სისტემას ცვლის შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 0-დან 2%-მდე ბარიერით უნდა ჩატარდეს. შეთანხმებით განსაზღვრული პირობები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში უნდა აისახოს, ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობის – 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

სექტემბერში პარლამენტმა ამ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ბარიერი 2%-ით განისაზღვრა, თუმცა „ქართულ ოცნება“ მეორე მოსმენისთვის მის 1%-ით გაზრდას და საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო სახით მიღებისას 3%-იან ბარიერს მოითხოვდა.