„ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას - ოპოზიცია

პუბლიკა

დღეს, 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ 4 მოსამართლეს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და გიორგი ვაშაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას და სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლო კლანი ჩადიოდა წინა ხელისუფლების დროს და აგრძელებს 2012 წლიდან დღემდე.

ჩვენ დემარშით დავტოვეთ პროცესი, რომელიც არალეგიტიმურია. მთელი მსოფლიო, ვისაც საკითხი ესმის, ამბობს, რომ უნდა შეჩერებულიყო, ჩატარებულიყო აქამდე გატარებული რეფორმების შეფასება, რეფორმის საბოლოო ფაზა და შემდეგ მომხდარიყო ახალი, ჯანსაღი სისტემით გამწესება.

„ქართული ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ აქვს კარგი სისტემა და რომ ოპოზიციას არც ერთი წინადადება თურმე არ წარმოუდგენია, როგორ გახდეს სისტემა უკეთესი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განცხადებით „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფრაქციებმა შეიტანეს კანონპროექტი, როგორი უნდა იყოს სასამართლოს რეფორმა, თუმცა მისი განხილვა ორჯერ გადაიდო. „ლელოს“ წევრის თქმით, ოპოზიციის კანონპროექტი „კლანის“ პირობებშიც კი გახსნიდა დერეფანს საზოგადოებისთვის სანდო, მაღალი რეპუტაციის, კეთილსინდისირეი და კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებულიყო სასამართლო“.

„ღმერთმა შეარგოთ კლანური სასამართლო, რომელიც გადმოიბარეს წინა ხელისუფლებისგან“, – თქვა ნაცვლიშვილმა.


„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ“ – ამის შესახებ აშშ-ის საელჩომ განაცხადა.

ევროკავშირის საელჩომ უარი თქვა, დაკვირვებოდა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.

„ეს არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, ვენეციის კომისიის და „ოდირის“ რჩევების სულისკვეთებით არ მიმდინარეობს ეს პროცესი და ამ საკითხებს ჩვენ კვლავ ვახსენებთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, ვფიქრობთ რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, ახლა ეს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ შეაფასონ საკითხი, რომელსაც განიხილავენ“, – განაცხადა ჰარცელმა.

მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა პარლამენტს ომბუდსმენმა და კოალიციამ დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის.