ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა იმედი გამოთქვა, რომ სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის პოსტი სწრაფად გაუქმდება.
„არსებობს სერიოზული იმედები, რომ ეს ქართული პოსტი მოიხსნება და გაიყვანენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან“, – თქვა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ოკუპირებული ცხინვალის სააგენტო „რესის“ ცნობით, მან ეს იმედები დაუკავშირა თბილისიდან გავრცელებულ ცნობებს, მათ შორის საქართველოდან ხელმძღვანელი პირების განცხადებებს, რომ პოსტი „სერიოზული შეცდომა“ იყო.
„ეს შესაძლოა შიდა პოლიტიკური ბრძოლა იყოს საქართველოში, თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ საკითხს აყენებს და აღიარებს, რომ პოსტის არსებობა შეცდომა იყო, გარკვეულ იმედს აჩენს“, – თქვა მან.
ოკუპირებულ სოფელ წნელისს ოსური მხარე „უისტად“ მოიხსენიებს. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანის ტყეში, რომელიც წნელისს ესაზღვრება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, საგუშაგო განათავსა.
პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
უწყება ამბობს, რომ ამ გამოძიების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“. უწყებაში გამოჰკითხეს ადგილობრივი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და გიორგი გახარიას ყოფილი თანაპარტიელი გიორგი ხოჯევანიშვილი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი,„ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი, ასვე ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, ვლადიმერ ჩაჩიბაია.
ამ საკითხზე გიორგი გახარიას კითხვები დაუსვეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. „ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პოზიციაა, რომ გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართა, არ გაიარა სათანადო პროცედურები და რომ ეს სუს-მა „შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით“. გახარია ამბობს, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.