სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ომბუდსმენის პატიმრებთან შეხვედრების გასაჯაროება მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
ლომჯარია გენერალური პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრისგან მხარდაჭერას და შეუფერხებლად მუშაობის გარანტიებს მოითხოვს.
„მე ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ოფიციალურადაც მივმართავთ გენერალურ პროკურატურას. მე ვითხოვ ხელისუფლებისგან, ვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან, ვინაიდან სახალხო დამცველი არის საპარლამენტო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, მე ვითხოვ პრემიერ-მინისტრისგან მხარდამჭერ განცხადებებს და გარანტიებს იმისას, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ ეს უკანონო თავდასხმები შეწყდება, არ შეგვექმნება დაბრკოლებები სისტემაში მუშაობის დროს, ჩვენი კონფიდენციალობა იქნება უზრუნველყოფილი და უსაფრთხოება დაცული“, – განაცხადა სახალხო დამცველმა „TV პირველის“ ეთერში.
ნინო ლომჯარიას თქმით, წულუკიანისა და პენიტენციური სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის გასაჯაროება პატიმრებთან დამოკიდებულებაში აისახება და სახალხო დამცველის ნდობას დაკარგავენ. რადგან პატიმრებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ შეხვედრების კონფიდენციალობა დაირღვევა.
„ამიტომ, როდესაც ქალბატონი წულუკიანი და ეს სისტემა ბოლო რამდენიმე დღეა, განუწყვეტლივ აქვეყნებს ამ კონფიდენციალურ ინფორმაციას, ეს არის გზავნილი პატიმრებთან, რომ თქვენ აღარ გქონდეთ ურთიერთობა პატიმრებთან, ეს არ დარჩება იმ სისტემასა და კედლებში, სადაც უნდა დარჩეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პოლიტიკურ იარაღად.
შესაბამისად, აუცილებლად მოჰყვება ამას მსუსხავი ეფექტი და პატიმრები დაიწყებენ ჩვენთან ურთიერთობის შეზღუდვას. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენ საქმიანობაზე და ხელს შეგვიშლის“, – თქვა ომბუდსმენმა.
23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.
ხოლო ომბუდსმენმა პასუხად განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ უხეშად დაარღვია საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებთან კონფიდენციალურია.