ომბუდსმენის თქმით, კონკორდატით დისკრიმინაციულად სარგებლობის ფაქტი ჯერჯერობით არ გამოვლენილა

პუბლიკა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ეკლესიას და სახელმწიფოს შორის კონკორდატის საფუძველზე სავალდებული სამხედრო სამსახურის გადავადების ფაქტი არ ყოფილა. ის ამბობს, რომ თუ ახალი თავდაცვის კოდექსი „რამე ტიპის დისკრიმინაციას გამოიწვევს“, აპარატს შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ჯარის საკითხთან დაკავშირებით ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ კონკორდატით გათვალისწინებული ეს პრივილეგია, რაც მართლმადიდებლებს, სასულიერო პირებს გააჩნიათ, ჯერჯერობით ვერ დავინახეთ, რომ ვინმე პრივილეგიით იმდაგვარად სარგებლობს ან საერთოდ სარგებლობს, იმიტომ რომ ჩვენ გამოვითხოვეთ ამაზე ინფორმაცია, მოვიძიეთ ეს საკითხი და კონკორდატით გათვალისწინებული ჩანაწერით სარგებლობის ფაქტები პრაქტიკულად არ არის.

ამიტომ ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებით იმ ახალი კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები რა შედეგს გამოიღებს და თუ დავინახავთ რაიმე ტიპის დისკრიმინაციას, ბუნებრივია, ეს ჩვენი მანდატის არსებითი ნაწილია და გვექნება შესაბამისი რეაგირება.

ჯერჯერობით, დღემდე ასეთი გამოვლენილი ფაქტი, რომ რომელიმე მართლმადიდებელ სასულიერო პირს კონკორდატის ჩანაწერით დისკრიმინაციულად ესარგებლა, ასეთი არ დაფქსირებულა სახალხო დამცველის აპარატში“, – განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ 21 სექტემბერს მიიღო.

კანონიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებდა სასულიერო პირებს. ძალას კარგავს „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ საბუთიც. ამის მიუხედავად, შეღავათი შეეხებათ მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს, რადგან სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-4 მუხლი განსაზღვრავს, რომ სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისგან.

ამ კანონის მიღებამდე სამხედრო სამსახურის გადავადება შეეძლოთ მღვდელმსახურებს ან სასულიერო სასაწავლებლის მოსწავლეებს.

ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, ამ ტიპის ცვლილება დისკრიმინაციულია.