ონკოპაციენტების წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ

პუბლიკა

ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები, რომლებიც ონკოპაციენტების ინტერესებს წარმოადგენენ, ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ.

დღეს მათ სამინისტროსთან აქცია ჰქონდათ დაანონსებული, რის შემდეგაც ისინი მინისტრთან შეხვედრაზე შევიდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სარჯველაძემ საკითხში გასარკვევად დრო ითხოვა.

„ყველაფერი ჩამოვუთვალეთ, იქნებოდა ეს ლიმიტი, დიაგნოსტირება, წამლების დეფიციტის საკითხი, მათ მოინიშნეს და მინისტრი დაგვპირდა, 10 დღეში გააკეთებს მოკვლევას და დაგვიკავშირდება.

გვითხრეს, რომ მედიკამენტები უკვე შემოდის, ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებზეც დეფიციტი იყო. 25000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეცდება ყველანაირად მოაგვაროს ეს საკითხი. ვინაიდან დღეს დაინიშნა, არ ჰქონდა ინფორმაცია რიგ საკითხებზე, ჩვენგან გაიგო ბევრი ხარვეზის შესახებ“, – განაცხადა გვანცა აფხაიძემ.

მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 10 დღეში საფუძვლიანად შეისწავლიან იმ საკითხებს, რომლებიც ონკოპაციენტების წარმომადგენლებმა დააყენეს შეხვედრაზე.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მიმართულებით ფინანსდება 90-მდე აქტიური ნივთიერება. იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე, სახელმწიფომ ექსკლუზიური პირდაპირი შესყიდვა განახორციელა მწარმოებლებისგან ორიგინალ მედიკამენტებზე, ეს არის 20-23 მოლეკულა. ამას გარდა, ბაზარზე ფარმაკოლოგიური მწარმოებლების მიერაც არის უზრუნველყოფილი მედიკამენტები. მოცვა ამ მიმართულებით მაღალია. რაც შეეხება დეფიციტს, ზოგ მედიკამენტზე იყო ნაკლებობა და პაციენტს უწევდა აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით უდიდეს ნაწილში ეს პრობლემა ამოწურულია. რიგი მედიკამენტები ამ დილასაც ჩამოვიდა, თვალს ვადევნებთ როგორი მდგომარეობაა, რათა პრობლემა არ შეიქმნას. სამომავლოდ იგეგმება ლოჯისტიკური ჯაჭვის გაძლიერება, რათა პაციენტს ადგილზე დახვდეს მედიკამენტი. ეს მიმართულება პრიორიტეტია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ონკოპაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობისგან მოითხოვენ, შესრულდეს ონკოპაციენტების სრულად დაფინანსების პირობა და მოიხსნას 25000-ლარიანი ლიმიტი. ასევე მოითხოვენ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანის ლოჯისტიკის გაუმჯობესებას, დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობის გაზრდას.