ოპოზიციონერი დეპუტატები მოსამართლეთა საკითხზე „ოცნებას“ აკრიტიკებენ

პუბლიკა

პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური განცხადების ფორმატში ოპოზიციის დეპუტატებმა მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობასა და მოსამართლეების რიგგარეშე კონფერენციის შესახებ ისაუბრეს.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა ხვალ, 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციას, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ. ხაზარაძემ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით მართლმსაჯულება ახალ ლიანდაგზე უნდა დადგეს.

„რამდენიმე დღის წინ, თქვენმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი 300 მილიონზე მეტ დახმარებას შეერთებული შტატებისგან.

2 თუ 3 დღის წინ აშშ-ის ელჩმა მოგმართათ თხოვნით, რომ ეს პროცესი, რომელიც ეხება მართლმსაჯულების რეფორმას და ხვალინდელი კონფერენცია იქნას გადადებული. პასუხად ბატონი პიკერისგან იყო, რომ მსგავსი რამ ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეს მოსამართლეები არიან ასარჩევები.

სადაური პარტნიორობაა, სადაური წესია, ერთი მხრივ წლების განმავლობაში ხელგაწვდილი ეს ღარიბ-გაღატაკებული ქვეყანა, ფულს თხოულობს ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან, იძახის, ვართ თქვენი პარტნიორები  და ელემენტარულ მარტივ რამეზე, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს, მართლმსაჯულებას ეხება, პასუხს სცემთ, რომ ვერ გადავდებთო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პარტნიორობასა და ნდობაზე დამყარებული პოლიტიკა ვერ შექმნა.

მამუკა ხაზარაძის მსგავსად, თავის გამოსვლაში მოსამართლეთა კონფერენციის გადადების აუცილებლობაზე ისაუბრა „რესპუბლიკელების“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

მისი განცხადებით, ხვალ, 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად დაგეგმილია აქცია იმისთვის, რომ „კლანი“ შეჩერდეს და არ დაასწროს მართლმსაჯულების რეფორმას მოსამართლეების არჩევა.

„ამ ტრიბუნიდან მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ ეს დიდი პრობლემა უნდა მოგვარდეს ფუნდამენტური რეფორმების გზით და დასწრებით და დანიშვნებით, რასაც კონფერენციის დანიშვნა გვაუწყებს, რომ შემოგვიერთდეს 26  მაისს, 11 საათზე“, – განაცხადა მან.

სამნიძემ იმედი გამოთქვა, რომ ადამიანების პროტესტი დაარწმუნებს საბჭოს, გადადოს კონფერენცია.

„ნუ დაიმშვიდებთ თავს იმ ფორმალური არგუმენტით, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და პარლამენტი ვერ ერევა მის საქმიანობაში“, – მიმართა მმართველ გუნდს „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ამ არგუმენტით გატარდა სასამართლო რეფორმის 4 ტალღა, რომელმაც, ნაცვლიშვილის შეფასებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაცვლად მისი თავგასულობა გააძლიერა.

„პარლამენტს რჩება ყველა უფლებამოსილება, გადაძლიოს ხვალ  მიღებული გადაწყვეტილებები და მანდ გამოჩნდება, სად დგახართ რეალურად – კლანის მხარეს თუ სასამართლოს მხარეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პოლიტიკური ნების გარეშე სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, ამას კი პოლიტიკური ცვლილება სჭირდება.

„არაფერი არ გავაკეთოთ და მივუშვათ ეს კლანი როგორც არის დღეს და დავაბეტონოთ საბოლოოდ, ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით, მით უმეტეს, მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა, რომ უნდა შევთანხმებულიყავით და გვემოქმედა ერთობლივად ამ მიმართულებით“, – განაცხადა მანჯგალაძემ, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლა დააანონსა.


ხვალ, 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაა ჩანიშნული, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უნდა აირჩიონ.

სასამართლოს რეფორმის განხორციელებამდე მოსამართლეების არჩევასა და დანიშვნას კრიტიკულად აფასებენ სასამართლო თემაზე მომუშავე არასამთავრობოები, დიპლომატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მაღი განცხადბეით, პარლამენტმა დროულად უნდა დაიწყოს შარლ მიშელის დოკუმენტით შეთანხმებული მართლმსაჯულების რეფორმა.


რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში

ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
    ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
    ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
    გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
    დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.

  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

  • პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ვადები:

1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.

2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.

3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.

4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.