ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივ შეხვედრას მართავს

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ერთობლივ შეხვედრას მართავს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის განსახილველი თემა პოლიტიკური დევნა იქნება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და „ლელოს“ ლიდერების საქმეები. ოპოზიცია იმსჯელებს ასევე სამომავლო ნაბიჯებზე.

„ვიმსჯელებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია, ოპოზიციური ერთობა და აზრების შეჯერება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მსჯელობაც და პოლიტიკური დიალოგიც. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში დღევანდელი მოცემულობით რამხელა პოლარიზაცია და ზიზღიც არის, ეს უკავშირდება პოლიტიკას და მთლიანად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზები, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ მოცემულობიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე აბსურდულია და აქედან გამომდინარე, არ ელოდება მათი დაკავების „პათოლოგიურ გადაწყვეტილებას“. მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში მოვლენების წინ გასწრება არ ღირს და უნდა დაველოდოთ განაჩენს.

ოპოზიციის სამოქმედო გეგმის შესახებ „დროას“ წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოში სასამართლო და პროკურატურა ეკუთვნის არაფორმალურ მმართველს, შედეგად, სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია. გოგუაძის თქმით, ოპოზიცია არ დაშინდება და ბრძოლა გაგრძელდება.

მისი ხედვით, ოპოზიციამ სხვადასხვა ტიპის მოქმედება უნდა დაგეგმოს და პროტესტის სხვადასხვა ფორმა გამოიყენოს.

ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი განცხადებაც.


ხვალ, 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განხილვებს დაასრულებს.

ე.წ. „თიბისი ბანკის“ საქმეზე 2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა ფულის გათეთრების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

ბრალდების თანახმად, 2008 წლის აპრილში მამუკა ხაზარაძემ, იმ დროს სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე საბჭოში მისმა მოადგილემ, „თიბისი ბანკიდან“ მოტყუების გზით დიდი ოდენობის თანხები მიისაკუთრეს, რის შემდეგაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.

პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თავიანთ მეგობარს, ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკიდან“ სესხების აღება სთხოვეს. 2008 წლის აპრილსა და მაისში წერეთელმა საკუთარი კომპანიების „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის მეშვეობით „თიბისი ბანკიდან“ 16 664 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხები აიღო. ორივე შემთხვევაში სესხის თანხა „სამგორის“ ანგარიშებზე ჩაირიცხა, შემდეგ ამ თანხის ლარში კონვერტაცია და მისი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე გადარიცხვა განხორციელდა. აღნიშნულს, სესხის ხელშეკრულებების გაფორმება უსწრებდა წინ.

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, საბანკო რეგულაციების ფორმალურად დაკმაყოფილებისა და დანაშაულებრივი განზრახვის დამალვის მიზნით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ შერჩეულმა იურიდიულმა პირებმა (წერეთლის კომპანიებმა „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა) „თიბისი ბანკს“ სესხის მიზნობრიობის შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს და განაცხადეს, რომ სესხი „საბრუნავი სახსრების გაზრდის მიზნით“ სჭირდებოდათ. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ბანკის მენეჯმენტის მოტყუების მიზნით, სხვადასხვა უძრავი ქონება „თვალთმაქცური სესხების უზრუნველსაყოფად“ 2 იპოთეკით დაიტვირთა.

პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა ერთობლივად და მოტყუებით სს „თიბისი ბანკიდან” დიდი ოდენობის თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რის შემდეგაც, მათი წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, რეალური მფლობელისა და ნამდვილი ბუნების დაფარვის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული თანხების ლეგალიზაცია განიზრახეს.

როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებაში არის აღნიშნული, სესხის გადახდის საბოლოო ვადად 2008 წლის 21 ოქტომბერი განისაზღვრა. 2008 წლის 21 ოქტომბერსა და 2008 წლის 7 ნოემბერს კომპანიებს „სამგორი თრეიდი“ და „სამგორი M“ სესხების გადახდის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდათ. 2008 წლის 31 დეკემბერს სესხები უიმედო ვალების კატეგორიაში მოექცა და „თიბისი ბანკმა“ ისინი „ჩამოწერა“. ამას გარდა, „თიბისი ბანკმა“ იპოთეკისგან გაათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონება, ხოლო 2012 წლის 8 აგვისტოს ორივე კომპანია სრულად გაათავისუფლა საბანკო ვალდებულებებისგან.