იქმნება დიპლომატიის აკადემია, მინისტრს მიენიჭება უმაღლესი დიპლომატიური რანგი - კანონპროექტი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში იქმნება დიპლომატიის აკადემია; საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განისაზღვრება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური რანგის თანამდებობა – პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაიწყო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განიხლვა.

კანონპროექტი დიპლომატიის აკადემის შექმნას და მინისტრის რანგს შეეხება.

დიპლომატიის აკადემია

დოკუმენტის მიხედვით, სსიპ დიპლომატიის აკადემია იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამების სწავლა იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, აკადემიას ექნება კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსიც.

კანონპროექტის მიხედვით, ერთწლიანი კურსი იქნება საგანმანათლებლო კურსი, რომლის მიზანია დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკის, პროფესიული ცოდნისა და უნარჩვევების შეძენა/გამომუშავება, ასევე მომზადება და გადამზადება იმ საკითხებში, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო.

აკადემია საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტროლის ქვეშ იქნება. მისი საქმიანობის წესდებას მინისტრი დაამტკიცებს. საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამული დაფინანსებაც სამინისტროს პრეროგატივა იქნება.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოკვეთილად არ არიან ორიენტირებულნი მომავალი დიპლომატების აღზრდაზე. პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით კადრების მომზადება ხდება ზოგადი პროფილითა და საერთო მიდგომების გათვალისწინებით, რაც შემდგომში ითხოვს დამატებითი ძალისხმევის გაწევას ახალგაზრდა დიპლომატთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ამაღლების თვალსაზრისით (დამატებითი ტრენინგები, საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება და ა.შ).

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ცენტრალურ უწყებას, სადაც კონცენტრირებულია შესაბამისი პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ანალიტიკური რესურსები, მის სისტემაში უმაღლესი სასწავლებლის არსებობა უზრუნველყოფს აკადემიის სასწავლო პროცესის მაქსიმალურ შესაბამისობას რეალურ დიპლომატიურ პრაქტიკასთან და გამოწვევებთან. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროფესიონალი დიპლომატების აღზრდას, პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და პრაგმატულ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბებას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტების მიღება 2027 წელსაა დაგეგმილი.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, აკადემიის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, სამინისტროს ასიგნებიდან მიღებული შემოსავლები, გრანტები და სხვა კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები.

აკადემიაში დასაქმდება 46 პირი – 30 – საშტატო და 16 – შტატგარეშე. განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელფასო ფონდი ყოველწლიურად დარიცხული 1 093 350 ლარი იქნება.

„ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება 46 ერთეულისთვის განსაზღვრული სახელფასო თანხიდან, რაც წლიურად შეადგენს 214 296 ლარს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე პროექტის მიხედვით, დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით შეადგენს – 2 993 675 ლარს, ხოლო – 2027, 2028 და 2029 წლებში განისაზღვრება ყოველწლიურად – 2 851 350 ლარით. ეს ხარჯი მოიცავს სახელფასო ფონდსაც.

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგი

ამავე კანონპროექტით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განისაზღვრება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა. შესაძლებელი ხდება, საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

„იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, მიუხედავად პოლიტიკური თანამდებობის პირის სატუსისა, განეკუთვნება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას, მიზანშეწონილია მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, ფლობდეს უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

უმაღლესი დიპლომატიური რანგის დანამატი ყოველთვიურად 1 360 ლარია, შესაბამისად, მინისტრისთვის ამ რანგის მინიჭება მის ხელფასზე ამ თანხის დანამატსაც ითვალისწინებს.