სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
8 აპრილს ოქრუაშვილს „ქართული ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული. ვადა 8 მაისს ამოიწურა.
ადვოკატმა თქვა, რომ ოქრუაშვილი უმუშევარია, შესაბამისად, არ აქვს შემოსავალი, ხოლო ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ქონება შვილებს აჩუქა.
„ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში შესაბამისი ატრიბუტიკით როგორც უშვებენ, ზუსტად ისე, მომზადებული მოვედი. ერთადერთი ქამარი მეკეთა და ისიც მივეცი ბატონ მამუკას. [განჭვრეტადი იყო, რომ ბრალდების მხარე ასეთ შუამდგომლობას დააყენებდა?] სრულიად მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ ჩემთან მიმართებაში უკვე ეს წლებია გრძელდება, დავიღალე სიმართლე რომ გითხრათ“, – თქვა ოქრუაშვილმა სხდომაზე.
ადვოკატმა სხდომის შემდეგ აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი არ აპირებდა მიმალვას და ხელს არ უშლიდა გამოძიებას.
„თქვენთვის ცნობილია, რომ გირაო ჰქონდა შეფარდებული ირაკლი ოქრუაშვილს, არ გადაიხადა ეს გირაო, მაგრამ იმპერატიულად კანონი არ ითხოვს თუკი ადამიანი არ იმალება, არაფერს აშავებს, მაინც და მაინც პატიმრობით შეცვლილიყო გირაო. რა თქმა უნდა, ეს უკანონოა, აღნიშნული ღონისძიების გამოყენება. ფაქტი, ადამიანი აქ იყო პროცესზე, თავისი ნებით მოვიდა, არაფერს არ არღვევს“, – თქვა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
პროკურორის განცხადებით, შეაფასეს ბრალდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება როგორც საგამოძიებო ორგანოსადმი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ.
„მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა არ გადაიხადა დადგენილ ვადაში გირაოს ოდენობა, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა, გირაოს ოდენობის თანხის უზრუნველყოფაც არ მოუხდენია უძრავი ქონებით, შესაბამისად, აღნიშნული იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალა პატიმრობით. […] გარდა მის მიერ დარღვეული პირობისა, მისი ქმედება იყო ძირითადი ფაქტორი, როდესაც ბრალდებული განმარტავს, რომ იგი არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრულ გირაოს ოდენობას, მისთვის სპორტული ჟინი იყო აღნიშნული, რის გამო არ შეასრულებდა გირაოს პირობებს, ბუნებრივია, მისი საჯარო მოწოდებებიც, რომ სხვა ბრალდებულებსაც არ გადაეხადათ აღნიშნული გირაოს ოდენობა და არ შეესრულებინათ განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – თქვა პროკურორმა.
წულუკიანის კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.