ოქრუაშვილმა და რურუამ, შეწყალების მიუხედავად, გაასაჩივრეს განაჩენი, რაც პრეცედენტულია - HRC

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა ანგარიში, პრეზიდენტის მიერ შეწყალების მიუხედავად, სასამართლოებში სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გაგრძელების შესახებ. ორგანიზაციის ცნობით, ასეთი საქმეებია გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები, როდესაც მსჯავრდებულებმა შეწყალების შემდეგ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს განაჩენი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგს უწევს საერთო სასამართლოებში მიმდინარე იმ საქმეებს, სადაც, სავარაუდოდ, არსებობს პოლიტიკური მოტივები. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზნებისთვის საინტერესოა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები. ყველა ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა ექსკლუზიური უფლებამოსილება – შეწყალების მექანიზმი.

აქედან ორ შემთხვევაში – გიგი უგულავა და ნიკა გვარამია სამივე ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულების შემდგომ შეიწყალა, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას შეწყალების აქტის გამოცემისას მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების განხილვა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში იყო დასრულებული.

მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა და გიორგი რურუამ, მიუხედავად პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტისა, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რითაც ერთგვარი პრეცედენტი შექმნეს ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ოქრუაშვილის საქმე

ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით, ოქრუაშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულში მონაწილეობისთვის. მას, ასევე, ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება – მეორე ბრალდებაში ოქრუაშვილი გამართლდა.

ირაკლი ოქრუაშვილმა, ასევე, პროკურატურამ 13 აპრილის განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.

2020 წლის 15 მაისს, შეწყალების აქტის საფუძველზე, ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდა. ამის მიუხედავად, მან გააგრძელა სამართლებრივი დავა. 2022 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს გენერალური პროკურატურის, ასევე მსჯავრდებული ირაკლი ოქრუაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დარჩა.

ადამიანის უფლებათა ცენტრში მიუთითებენ, რომ პოლიტიკური მოტივების შესახებ ეჭვს აჩენს, ოქრუაშვილის საქმეზე გამოცემული პრეზიდენტის შეწყალების აქტის მიუხედავად, პროკურატურის მიერ სააპელაციო სასამართლოში დავის გაგრძელება, ასევე – სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრება.

„ეს ნაბიჯები, ერთი მხრივ, ამძაფრებს საქმის პოლიტიკურ ელფერს და, მეორე მხრივ, სასამართლოს უქმნის ჩიხურ სიტუაციას, რომელიც შესაძლოა შექმნილიყო ბრალდებულისთვის უფრო მძიმე, მასობრივი ძალადობის ორგანიზება/ხელმძღვანელობისთვის, ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რურუას საქმე

2021 წლის 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა – ამის მიუხედავად, მსჯავრდებულმა გააგრძელა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა.

HRC-ის შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეჭვს ბადებს სააპელაციო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის გაჭიანურებული განხილვა – მხარემ საქალაქო სასამართლოს განაჩენი 2020 წელს გაასაჩივრა, პირველი სასამართლო სხდომა კი 2024 წლის იანვარში გაიმართა.

„ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეების ირგვლივ არსებულ დისკუსიას უფრო აძლიერებს გაჭიანურებული მართლმსაჯულება – ერთ შემთხვევაში პროცესების ჩანიშვნა ხანგრძლივი ინტერვალით, მეორე შემთხვევაში კი წლობით ჩაუნიშნავი სასამართლო სხდომები.

სამართლიანი სასამართლოს უფლების იმანენტური კომპონენტია ეფექტიანი და დროული მართლმსაჯულების განხორციელება. დაგვიანებული მართლმსაჯულება კი ხშირად მართლმსაჯულებაზე უარის თქმას უდრის”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების გაჭიანურება, გარდა იმისა, რომ შესაძლოა არღვევდეს ბრალდებულის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, ამძაფრებს ეჭვს პირის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ.

„მსგავს პროცესში, მნიშვნელოვანია ხელისუფლების თითოეული შტოს მიზანმიმართული და გააზრებული ქმედება ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ იმ პირების შეწყალება, რომელთა საქმეების მიმართაც არსებობს პოლიტიკური მოტივების შესახებ კითხვები, უნდა შეფასდეს დადებითად.

პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება გამოდგა.

ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას მიერ, შეწყალების მიუხედავად, სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ქართული მართლმსაჯულებისთვის საინტერესო პრეცედენტს წარმოადგენს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

HRC-ის განცხადებით, პირის უფლება, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიუხედავად, მისი საქმე განხილული იყოს სასამართლოს მიერ, ერთი მხრივ, ეხმიანება სასამართლოს ფუნქციურ დატვირთვას, შეაფასოს პირის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრიობა, და მეორე მხრივ, სამართლებრივი თვითშეგნების განმტკიცების გამოძახილია.

მათი თქმით, საბოლოოდ, მსგავსი პრეცედენტი, ასევე, სხვა პირებისთვის ქმნის საკუთარი უფლებების დაცვის და სამართლებრივი, შესაბამისად, სოციალური რეაბილიტაციის შესაძლებლობას.