პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

81 ხმით პარლამენტმა მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. 

კანონპროექტის ავტორების თქმით, ცვლილებების მიზანია, სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების თანმდევი რისკებისა და შედეგების ეფექტიანი პრევენციის მექანიზმის შექმნა.

„მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურება არ უნდა შეიცავდეს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე. ასევე იკრძალება ტერორიზმისკენ მოწოდება”, –  ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, აღნიშნული კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარებისა და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.