პარლამენტმა უფრაქციო დეპუტატების შესახებ რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომელიც უფრაქციო დეპუტატებს ეხება. საკანონმდებლო ცვლილებებს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილებები რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში აისახა და ახალი ნორმები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.


რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს, აგრეთვე, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო დეპუტატთა ჯგუფს.

კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს.

ასევე, რეგლამენტში გაჩნდება ჩანაწერი, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის (რომელსაც არ აქვს შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია) წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს/წევრებს პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას დამატებით მიეცემათ 10 წუთი ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრების გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს.