იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად დავით მამისეიშვილი კანდიდატურა წარუდგინა.
იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შესარჩევ კონკურსში თავდაპირველად 6 კანდიდატი დარეგისტრირდა:
- თამარ ალანია
- დიმიტრი გვრიტიშვილი
- გიორგი გოგინაშვილი
- ლიანა კაჟაშვილი
- დავით მამისეიშვილი
- სალომე სამხარაძე
საბჭოს 10 ივნისის განკარგულებაში კი აღნიშნულია, რომ წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შედეგად შემდგომ ეტაპზე გადავიდა დავით მამისეიშვილი, ხოლო ვერ გადავიდნენ: თამარ ალანია, ლიანა კაჟაშვილი და სალომე სამხარაძე.
ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად კი (13 მომხრე, 0 წინააღმდეგი) დავით მამისეიშვილის კანდიდატურა პარლამენტს წარედგინა.
უზენაეს სასამართლოში 2027 წლის 30 აპრილიდან ერთი ადგილი თავისუფლდება.
რატომ მოხსნა კანდიდატურა დიმიტრი გვრიტიშვილმა? – ეს შეკითხვა მას დღეს „TV პირველმა” დაუსვა:
„არანაკლებ მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოში საქმიანობაც, აქედან გამომდინარე, ამაში [კანდიდატურის მოხსნაში] არაჩვეულებრივი არაფერი არ არის… ამ ეტაპზე ჩავთვალე, რომ ეს არის ჩემთვის უფრო კარგი გადაწყვეტილება”, – ამბობს ის „TV პირველთან”.
2025 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურა შეიცვალა.
კანდიდატის შეფასებები და მათთან დაკავშირებული კენჭისყრები ფარულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომებზე ტარდება.
კანდიდატების შეფასების ფარული პროცედურის შემდეგ იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე აღარ ქვეყნდება შეფასებების დასაბუთებები საბჭოს წევრის ვინაობის მითითებით. ამის ნაცვლად გასაჯაროვდება ქულების რაოდენობა და „განზოგადებული შეფასებები“.
შეფასებების შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს კენჭი ასევე დახურულ სხდომაზე ეყრებათ. საჯაროდ აღარ ქვეყნდება საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და დასაბუთებები – საჯაროვდება მხოლოდ კენჭისყრის შედეგები და შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგინება.