პარლამენტში გახარიას გუნდი სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

პუბლიკა

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებას მხარს არ დაუჭერენ.

ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა გააკეთა. მისი განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების განსახილვე, პლენარულ სხდომებში და ახლა სურს, სახელმწიფოებრივი საკითხი ვიწრო პარტიულ ინტერესში გაცვალოს.

„ერთი, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისა და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის მზად არის გააუქმოს და გაანადგუროს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხოლო მეორე, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ვიწრო პარტიული ინტერესი ანუ ერთი ადამიანის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესში გაცვალოს.

როდესაც „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მავნებლურ გადაწყვეტილებას იღებდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არც კი გამოცხადდა, ხოლო როცა კომიტეტის სხდომაზე ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარებდა, მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის წერილის კითხვა დაიწყო. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასულდგმულებს. ამ პირობებში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ არის და ჩვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით თავდაპირველად ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივის შესახებ მან გუშინ, 3 იანვარსაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. ხატია დეკანოიძის თქმით, ინიციატივას მხარს დაუჭერს „ლელო“. ეს ინფორმაცია დღეს „ლელოს“ წევრებმაც დაადასტურეს.