პარლამენტში საბავშვო ასაკიდან სიმბოლოების პოპულარიზაციის პროექტს დისკუსია მოჰყვა

პუბლიკა

სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციის მიზნით  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონში ცვლილები კახი კახიშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია საბავშვო ასაკიდან აუცილებელია და კანონში ცვლილებების მიზანიც ეს არის.

„გთავაზობთ ცვლილებას, რომ საბავშვო ბაღებში და სკოლებში აუცილებელი გახდეს სახელმწიფო დროშების მუდმივი აღმართვა. შემდგომში მეთოდურად მიყვანა დროშასთან, გაცნობა და სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის განთავსება თვალსაჩინო ადგილებში და ამ ჰიმნის სწავლა“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

მისი თქმით, მომავალში კანონში ცვლილებები შესაძლოა ისევ განხორციელდეს.

„მერე ვფიქრობთ, რომ ამას დავამატოთ უნივერსიტეტებიც და ეს ცვლილებაც შეეხება როგორ კერძო, ისე არაკერძოს“, – თქვა კახიშვილმა.

კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დისკუსია მოჰყვა. „ოცნების“ დეპუტატის თამარ ტალიაშვილის თქმით, ცვლილებების მიზანი მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია ეროვნული ღირებულებების დამკვიდრება. „მივესალმებით, რომ ინიციატივა გავრცელდეს უმაღლეს სასწავლებლებზე“, – თქვა ტალიაშვილმა.

ცვლილებები არ მოიწონეს პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებმა. სანდრო რაქვიაშვილს ცვლილებების შინაარსმა საბჭოთა კავშირი გაახსენა.

„სამშობლოს სიყვარული არ იწყება ჰიმნებით და კანონებით. საბჭოთა კავშირში ბევრს გვიცხოვრია და მაშინ ვისწავლე ჰიმნი, მაგრამ ამის გამო ხომ არ შეჰყვარებია საბჭოთა კავშირი? ვიღაცას სამშობლო თუ არ უყვარს, გინდა ასწავლე ჰიმნი და გინდა არა. სანამ არ გაიზრდება და სანამ ამ სამშობლოში არ იცხოვრებს ვერ მიხვდება, რაზეა საუბარი. რა იცის 7 წლის ბავშვმა, რა არის ქვეყანა. როგორ შეიძლება ამაზე მწყობრი წარმოდგენა ჰქონდეს. ჩვენ ოფიციოზს რომ ვამატებ, საბჭოთა კავშირი მაგონდება. იგივე იყო მაშინაც. რა შუაშია თანამედროვეობასთან ეს. შევეშვათ ბავშვებს რა, ჰიმნი არ ვასწავლოთ“, – თქვა სანდრო რაქვიაშვილმა.

ცვლილებების წინააღმდეგია ვახტანგ მეგრელიშვილიც.

„ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში არ მგონია, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ ბედნიერები. ბევრი პრობლემა გვაქვს და დაკავშირებულია რეგულირებებთან. ვძალადობთ ბავშვებზე და ამ პროცესზე, ბავშვებმა არ იციან, რა მიზეზია, რომ ვძალადობთ. წარმოიდგინეთ, თავიდანვე, ასოციაციას მათი ბავშვობის უბედური წლების დროშასთან რომ გავაკეთებთ, შემთხვევით, ქვეყანაც რომ არ შეზიზღდეთ, მაგაზე ხომ არ გვიფიქრია. იქნებ რაღაც შანსი დავიტოვოთ, რომ მერე ავუხსნათ… და იქნებ არ შევაზიზღოთ ქვეყანა, არ დავუკიდოთ ეს დროშები, თქვენ რას ფიქრობთ, ძალიან საჭიროა?”, – მიმართა დეპუტატმა მეგრელიშვილმა ცვლილების ინიციატორს.

პროექტში ცვლილებებს დაეთანხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნების“ წევრები.

„ეჭვი არ მეპარება ამ კანონპროექტის მიზეზებზე და გეთანხმებით ეროვნული სიმბოლიკის შეყვარება და პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია“, – თქვა დავით კირკიტაძემ.

„ეს არის პატრიოტიზმისთვის ხელის შეწყობა. ეს არის ის სულისკვეთება, რომელსაც ჰქვია სიმბოლიკისადმი პატივისცემა და სიყვარული. საბავშვო ბაღის კოლექტივები და ხელმძღვანელები ძალიან მადლიერები არიან და მადლობას გიხდიან ცვლილებებისთვის“, – თქვა უმრავლესობის დეპუტატმა რიმა ბერიძემ.

„გირჩის“ შეფასებებზე პასუხად კახიშვილმა განაცხადა:

„რაც შეეხება იმას, რომ – მოდი, ჯერ ქვეყანა უნდა შეგიყვარდეს და მერე დროშა – მე ვფიქრობ, რომ კარგია თუ ცუდია, აქ დაიბადე, უნდა გიყვარდეს. სამშობლოს ვერ შეცვლი. ლოგიკას ვერ ვხედავ, რომ მოდი, ჯერ შეუყვარდეს სამშობლო და თუ იტყვის რომ მომწონს, სადაც დაიბადა, მერე სიმბოლოები შევაყვაროთ. მგონი არალოგიკურია“, – თქვა კახიშვილმა.

ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.