ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმოდოვარი საკუთარი კინოკომპანიის ვებგვერდზე 2020 წლის რჩეული ფილმების სიას აქვეყნებს და საკუთარ შეფასებებს დაურთავს:
პირველი ძროხა / First Cow (რეჟისორი: კელი რეიჰარდტი)
მომაჯადოებელი, საუცხოო ვესტერნი. შეგვიძლია, ეს ფილმი, ე.წ. Buddy movie-ის მივაკუთვნოთ (ფილმები კაცების მეგობრობაზე). ისტორია მე-19 საუკუნის დასაწყისში, ორი ორეგონელი კაცის ირგვლივ ვითარდება. ისინი თავიანთ ბედს პრიზიორი ძროხის რძის ხელში ჩაგდებას დაუკავშირებენ. ფილმში ბუნების სიღრმისეული ასახვა ლუკრეცია მარტელს [არგენტინელი რეჟისორი] მაგონებს.
ეშმაკი ყოველთვის აქაა / The Devil All the Time (რეჟისორი: ანტონიო კამპოსი)
შუაგული ამერიკა, საოცარი, შემზარავი, პოეტური, ფანატიკური, სიფაქიზითა და სიზუსტით მოთხრობილი. კიდევ ბევრჯერ ვნახავ ამ ფილმს. რთული სიუჟეტი ოსტატური გადაწყვეტით – ანტონიო კამპოსი მახსოვს, როგორც პროდიუსერი ფილმისა „მართა, მარსი, მეი, მარლენი“ – ამ სურათმა ჩემზე უზარმაზარი გავლენა იქონია 2011 წელს.
თრობა / Another Round
ამაღელვებელი, სრულიად არამორალისტური ამბავი 4 მეგობარზე, რომლებიც ინიციატივამ – მოეხმარათ ალკოჰოლი – ფსკერამდე ჩაიყვანა. (წინაპირობა სახალისოა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გამართლებულია მეცნიერულად: ადამიანები სისხლში ალკოჰოლის 0,05-გრადუსიანი დეფიციტით დაიბადნენ). 4 მეგობარი, რომლებიც მასწავლებლები არიან, გადაწყვეტენ, რომ ეს „დეფიციტი“ ალკოჰოლის დღიური დოზის მიღებით შეავსონ – იმ იმედით, რომ მათი შრომისუნარიანობა და პროდუქტიულობა სამსახურში გაიზრდება. ეს მიზანი მათ ზოგჯერ სახალისო, ხშირად კი პათეტიკურ ამბებში გახვევს, – მათ პირდაპირი გაგებით ჩაახრჩობს ალკოჰოლში და ცხოვრებას გაუნადგურებს. ეს ამბავი ოპტიმიზმისა და მელანქოლიის ნაზავია, რაც ფილმს რაღაც განსაკუთრებულად აქცევს. მსახიობები დიდებული არიან – მადს მიკელსენი ჟესტების სიზუსტის მასტერკლასს გვთავაზობს. ფინალში, დასკვნითი ემოციური აფეთქებისას – მთვრალ მოსწავლეებთან ერთად მადსი ცეკვას იწყებს, ეს ნამდვილი კათარზისია, რომელსაც ცრემლებამდე მიჰყავხარ. დოგმა 95 [კინომოძრაობა 90-იან წლებში] თავის ფორმას უბრუნდება.
ყლაპვა / swallow (რეჟისორი: კარლო მირაბელა-დევისი)
რეჟისორ მირაბელა-დევისის სტილი იორგოს ლანთიმოსის, ჯესიკა ჰაუსნერისა და ტოდ სოლონძის ერთგვარი ნარევია. პროტაგონისტი – შესანიშნავი ჰეილი ბენეტი, აკვიატებულ საჭიროებას გრძნობს, რომ მომცრო ზომის ნივთები გადაყლაპოს. კუჭში გასვლის შემდგომ იგი ამ ნივთებს წმენდს და ჯილდოებივით ინახავს. ყველაფერი მას შემდეგ რთულდება, რაც ის ბასრი საგნების გადაყლაპვას იწყებს, მაგალითად, ჭიკარტის და ა.შ. მთელ ფილმს განცვიფრებულმა ვუყურე. რეჟისორი რთულად გასაშლელ თემას ეჭიდება, თუმცა თავს ბოლომდე კარგად ართმევს.
ამიერიდან აქ აღარ ვარ / I’m No Longer Here (რეჟისორი: ფერნანდო ფრიასი)
ფრიას პირველი ფილმი მოგვითხრობს ჯგუფ Los Terkos-ს ღარიბულ ცხოვრებაზე, რომლის ახალგაზრდა წევრებს საკუთარი ეგზოტიკური ვარცხნილობები და რიტუალად ქცეული კუმბიას ცეკვა უფრო აინტერესებთ (მათი ტომრებივით ტანსაცმელი, რომელიც დროდადრო იაპონურ კიმონოებს მოგვაგონებს), ვიდრე ძალადობა და ნარკოტიკები. ერთ დღესაც ისინი ადგილობრივი ბანდების სროლაში მოჰყვებიან. გადარჩენილ ულისეს ნიუ-იორკში მოუწევს წასვლა, იქაურ ღარიბულ ყოფაში კი მონტერეის ღარიბული ცხოვრება ენატრება, ასევე იქაური მეგობრები, რომლებთან ერთადაც კუმბიას ცეკვავდა. ამ მოულოდნელად კარგ მექსიკურ ფილმს უდავოდ შარმიანი პროტაგონისტი ჰყავს. ოპერატორის ნამუშევარი და საუნდტრეკი კი შესანიშნავია. ვფიქრობ, ეს ერთგვარი ნაზავია ბუნუელის „დავიწყებულნისა“ და „ოდისეის“.
პატარა ჯო / Little Joe, (რეჟისორი: ჯესიკა ჰაუსნერი)
მამხილებელი „ლურდესის“ შემდეგ, ეს არის ჯესიკა ჰაუსნერის საუკეთესო ფილმი. იშვიათი იშვიათთა შორის.
არასდროს, იშვიათად, ხანდახან, ყოველთვის / Never Rarely Sometimes Always (რეჟისორი: ელიზა ჰიტმანი)
მხოლოდ პირველი ხანგრძლივი კადრი, როდესაც ეკრანზე ფილმის სახელწოდება ისახება, საკმარისია, რომ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დავასახელო. მინიმალისტური, მოკრძალებული საოცრება ორ პენსილვანიელ ახალგაზრდაზე, რომლებიც მხოლოდ ზურგჩანთაში ჩალაგებული ტანსაცმლის ამარა ნიუ-იორკში მიემგზვრებიან, რათა ერთ-ერთმა მათგანმა აბორტი გაიკეთოს. ფილმი დახვეწილი და სრულიად დაცლილია მაღალფარდოვნებისგან.
მხატვარი და ქურდი / The Painter and the Thief (რეჟისორი: ბენჟამინ რი)
დოკუმენტური ფილმი, რომელიც მხატვრულს ჰგავს. ეს ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სანდენსის კინოფესტივალიდან. პროტაგონისტები ახერხებენ, რომ საკუთარი თავები განასახიერონ – გულწრფელობითა და კომპეტენტურობით, რაც დოკუმენტურ კინოში იშვიათია. დარწმუნებული ვარ, რომ რეჟისორმა ისტორია სცენარად გადააქცია და პროტაგონისტებს სთხოვა, რომ საკუთარი თავები განესახიერებინათ. ეს არის ამაღელვებელი ისტორია მეგობრულ სიყვარულზე, საოცარი პერსონაჟით.