ალმოდოვარის დღიური თვითიზოლაციიდან: რჩევები - ნაწილი III

ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურის მესამე ნაწილს ბრიტანული კინოს ინსტიტუტი (BFI) აქვეყნებს. დღიურის წერა რეჟისორმა თვითიზოლაციაში, 23 მარტიდან დაიწყო. მესამე ნაწილში ალმოდოვარი განიხილავს ლიტერატურას და მკითხველს კარანტინში საკითხავ წიგნებსა და ფილმებს ურჩევს. 

ასევე იხილეთ:

ბოლო დღეებია, ძალაგამოცლილი ვიღვიძებ. როგორც ჩანს, ჩაკეტილობა რამდენიმე კვირას გასტანს. ის თავდაპირველი სიახლის განცდა უკვე გაქრა. ერთ-ერთ საფრთხედ ის მესახება, რომ მე რუტინაში ჩავეფლობი, დღეები კი ერთმანეთს შეენაცვლება.

წერა რწმენისა და მიმართულების გარეშე დავიწყე, მცირე იმედით, რომ ეს საქმე სევდისა და მელანქოლიისგან დამიცავდა, ან იმ პასიური სევდისგან, დივანის ყველაზე კომფორტულ კუთხეში რომ მიიმწყვდევს ადამიანს. ვგრძნობ, როგორ ისრუტავს სახლი მთელ ჩემს ენერგიას, ვამპირივით მწოვს და იმდენად ქანცგაცლილს მტოვებს, დღესა და ღამეს თვალს ვეღარ ვუსწორებ.

საკითხავები და DVD ყოველთვის მომარაგებული მაქვს. ჯერჯერობით სცენარის წერა შევწყვიტე, ვასვენებ. ფიქციებსაც სჭირდებათ დასვენება, ეს ბუნებრივი გზაა, რომ დაიწურონ და გამოიწრთონ.

გუშინდელი დღე ივან მონალიზა ოხედას მოთხრობების კრებულმა („სილამაზის დედოფლები“/Las Biuty Queens) გადამატანინა. წიგნი კროსდრესერებსა და ტრანსგენდერ ადამიანებზე მოგვითხრობს და არამხოლოდ მათზე. მონალიზა ჩილედან არის და ამ მოთხრობებში ჰყვება იმ ლათინოამერიკელი ტრანსგენდერებისა და კროსდრესერების შესახებ, რომლებიც ნიუ-ნიორკის ქუჩებში მუშაობით, ბარებსა და მივარდნილ ჩიხებში პროსტიტუციით ირჩენენ თავს. მაღალი ქუსლებიდან დანახული ამერიკული ოცნება ყოველდღიურ ღამის კოშმარად იქცევა. ამ სილამაზის დედოფლებისთვის რეალობამ ძალადობრივი სიკვდილი ბუნებრივ მოცემულობად აქცია. მონალიზას აქვს ნიჭი, რომ თავის პერსონაჟებს სიცოცხლე და სინატიფე შთაბეროს. ის გმირების გასაჭირზე, როგორც გარდაუვალობაზე, გვიყვება იუმორით, მათი მსხვერპლად გამოყვანის გარეშე. ეს გახლავთ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკის პირობებში გადარჩენილთა ისტორიები, რომლის გმირებიც ათას საფრთხეს იუმორითა და ერთმანეთის მიმართ უსაზღვრო სოლიდარობით უმკლავდებიან. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ნარკოტიკებს, სუტენიორებს, სილამაზის ჯილდოებს, დაავადებებსა და სიგიჟეებს, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულ თემს წარმოადგენენ.

ისინი დედაჩემის მეზობლებს მაგონებენ, იმ პერიოდში, დედა რომ თავის მშობლიურ სახლს დაუბრუნდა სიცოცხლის ბოლო წლებში. მეზობლები მას ჩვენზე გაცილებით უკეთ უვლიდნენ. დედაჩემის მეზობელი ქვრივების სოლიდარობა და მზრუნველობა ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რამ არის, რაც ჩემი მშობლიური ქალაქიდან მახსენდება. ამიტომ უცნაური არ არის ხულიეტა სერანოს პერსონაჟი ჩემს ფილმში „ტკივილი და დიდება“ შვილს რომ ეუბნება, მეზობლების პროტოტიპები შენს ფილმში არ გამოიყენოო. მეზობელი წმინდაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ამ წიგნების პერსონაჟები ერთმანეთისგან განსხვავდებიან (ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ ხასიათს ავლენენ, განსხვავდება მათი სოციალური გარემოცვაც), მაგრამ „სილამაზის დედოფლები“  ჩემი მოთხრობების კრებულს მაგონებს პატი დიფუზას შესახებ [Patty Diphusa and other writings, 1990]. ჩემი – ჰედონისტური ნაწარმოებია, „სილამაზის დედოფლები“ კი ყოველ წინადადებაში ირეკლავს რეალობას. ორივე წიგნს გირჩევთ, თუ სხვა საქმე არ გაქვთ. გარწმუნებთ, არ მოიწყენთ.

თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ლათინოამერიკელებზე – ტრამპის საიმიგრაციო კანონის მსხვერპლებზე – ერთი გადასარევი და ამაფორიაქებელი წიგნი მინდა გირჩიოთ მექსიკელი მწერლის, ვალერია ლუისელის რომანი „დაკარგული ბავშვების არქივი“ (Lost Children Archive). ეს ნაწარმოები სრულიად არ ჰგავს ზემოთ ნახსენებ წიგნებს, – ეს არ არის მსუბუქი საკითხავი – მაგრამ ამაღელვა მისმა ორიგინალობამ და სილამაზემ. წიგნი მოგვითხრობს დოკუმენტალისტი ცოლ-ქმრის შესახებ, რომლებიც შვილებთან ერთად მოგზაურობენ ნიუ-იორკიდან არიზონამდე და ხმებს იწერენ.

არ მინდა სიუჟეტის დეტალები გაგიმხილოთ. უდაბნოსა და მოტელების ფონზე წყვილის ურთიერთობა ინგრევა. ქმარი ამერიკელ სამხედროებს დანებებული აპაჩების ტომის კვალს ეძებს, ცოლს კი სურს ის ბავშვები გადაიღოს, რომლებიც უდაბნოს გავლით ქვეყნის სამხრეთ საზღვართან მიდიან თავშესაფრის საპოვნელად. ეს ინოვაციური, მშვენიერი სტილით დაწერილი ნაწარმოები მოგვითხრობს დოკუმენტალისტთა ქორწინების დანგრევის ისტორიაზე და იმაზეც, თუ როგორ აღიქვამენ ბავშვები მშობლებისგან მოსმენილს. The New York Times-მა ეს რომანი 2019 წლის 20 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა.

ერთმანეთში რომ არ ავურიო, ყოველ ტექსტს თავისი დრო აქვს დღისა თუ ღამის მონაკვეთში. ახლა ალმუნდელას გრანდეს ბოლო რომანის („ფრანკენშტაინის დედა“) კითხვას ვასრულებ. გრანდე ნამდვილი სინათლის სხივია ჩვენთვის, ვისაც გვაინტერესებს თანამედროვე ისტორია და გვსურს, გავიგოთ, საიდან მოვდივართ, გავიგოთ იმ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, რომელსაც „ოფიციალური ისტორია“ გვიმალავს.

ამჯერად მწერალი 50-იან წლებში გვამოგზაურებს. გრანდეს რომანები მდიდარია მეორეხარისხოვანი პრესონაჟებითა და გვერდითი სიუჟეტური ხაზებით, მათი მნიშვნელობა ძირითადი ხაზისა და პროტაგონისტის მნიშვნელობას უტოლდება. ეს ყველაფერი ერთად ისტორიისა და სოციალური გარემოს ცოცხალ სურათს ქმნის. სხვა თემებთან ერთად ალმუდენა ყურადღებას ამახვილებს ფსიქიატრიაზეც 50-იანი წლების ესპანეთში – ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს ქვეყანას სურდა თავი ცივილიზებულ და ნორმალურ სახელმწიფოდ წარმოეჩინა. ცხადია, რეალობა სრულიად განსხვავებული იყო.

გარდა დიდებული რომანის კითხვით მიღებული სიამოვნებისა, რომლის ავტორთანაც და გმირებთანაც თვითიდენტიფიცირების განცდა გამიჩნდა, განსაკუთრებით დამაინტერესა 40-იანი და 50-იანი წლების ბავშვთა ფსიქიატრიამ. ამ ნაწარმოებიდან უხვად მოვინიშნე ადგილები შესაძლო კინოსცენარისთვის, რომლის გადაღებასაც არ ვაპირებ. ალმუდენა გრანდესი ნაწარმოებში მკითხველს უხვად სთავაზობს დოკუმენტურ ფაქტებს, რამაც ამავე თემაზე საკუთარი ჩანაწერები გამახსენა და მათი განვრცობის სურვილი გამიჩინა. ახლა დროც მაქვს, რომ საკუთარი თავი ლიტერატურით გავანებივრო.

„ფრანკენშტაინის დედაში“ გრანდესი მადრიდში, 1933 წელს მომხდარ ნამდვილ ამბავზე გვიყვება. დონა ავრორა როდრიგესმა თავის 18 წლის ქალიშვილს თავში ოთხი ტყვია დაახალა. გოგონა დედის სიამაყე იყო, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, საკუთარ გეგმებსა და იდეებზე დაიწყო ფიქრი. ეს დედისთვის აუტანელი იყო. როგორც მან აღიარა, სწორედ ამიტომ მოკლა საკუთარი შვილი.

სასამართლომდე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ავრორა სრული პარანოიკი და ევგენიზმის მიმდევარი იყო. როდესაც მან სრულიად უემოციოდ დაიწყო შვილის მკვლელობის მოტივზე საუბარი, რომანის მიხედვით მან თქვა, რომ – „მე ეს მის გადასარჩენად გავაკეთე. მე შევქმენი და ჩემივე ხელით გავანადგურე, ეს ჩემი პრეროგატივა, ჩემი უფლება იყო… ჩემი ქმნილება იყო და ცუდი გამომივიდა“. ის დარჩენილ ცხოვრებას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ატარებს და რომანიც იწყებს ტრიალს ფსიქიატრების, მგობარი კაცებისა და ქალების, ოჯახის წევრების, ექთნების, მონაზვნებისა და სხვა შეშლილი ქალების ირგვლივ.

ევგენიზმი დანაშაულებრივი იდეოლოგიაა, რომლის მიმდევრებსაც სწამთ, რომ უფლება აქვთ პოპულაციის ნაწილი ამოხოცონ ან სტერილიზაცია გაუკეთონ. ალმუდენა გრანდეს ნაწარმოებს გირჩევთ როგორც ამ დღეების მოწყენილობისა და მღელვარების ანტიდოტს.

ახლა, წესით, ჩემი მომავალი ფილმისთვის „დამლაგებელი ქალების სახელმძღვანელოს“ და/ან „ადამიანის ხმის“ ესკიზს უნდა ვწერდე, თუმცა საკუთარ თავს ვუღალატე, რადგან კომპიუტერში ჩემი სხვა ტექსტი მინდა ამოვქექო – რამდენიმე წლის წინ დაწერილი ტექსტის შთაგონება როდოლფო სერანოს საგაზეთო სტატია იყო სათაურით „წითელი გენის ძიებაში“. ეს გახლავთ ისტორია დონა ავრორას მსგავს რეალურ ევგენისტზე, ფრანკოს რეჟიმის დროინდელ ფსიქიატრზე. ის 30-იანი წლების ბოლოდან ომის შემდგომ პერიოდამდე კვლევებსა და ექსპერიმენტებს ატარებდა, რათა დაედგინა, რისგან შედგებოდა „წითელი გენი“ – ანუ რა ფსიქიკური ან ფიზიკური მალფორმაციებით ხდებოდა ადამიანი მარქსისტული იდეოლოგიის მიმდევარი.

დიახ, სწორად წაიკითხეთ. ფრანკისტ ფსიქიატრს მსოფლიო ფსიქიატრიის გადატრიალების გარდა, სურდა, რომ „წითელი გენის“ მატარებლები ამოეძირკვა. ასეთი ადამიანებით ციხეებს ავსებდნენ.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მსურდა ეს ისტორია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მომეყოლა, მაგრამ ვერაფრით ვიპოვე შესაფერისი ტონი, რადგან რეალობის შემზარაობა ამ ისტორიაზე ირონიულ საუბარს მირთულებდა. მეორე მხრივ, უკვე 2020 წელს შეუძლებელია ამ ამბავსა და პერსონაჟს დისტანცირების გარეშე გაუმკლავდე. დისტანცირების საშუალებას კი იუმორი იძლევა.

უამრავი დოკუმენტია ხელმისაწვდომი, რადგანაც ამ საკითხზე იმ პერიოდის სამეცნიერო ჟურნალებშიც იწერებოდა, ზოგადი დასახელების („მარქსისტული ფანატიზმის ბიოფსიქიატრია“) ქვეშ. ამ გასაოცარი მასალების აღმოჩენის შემდეგ, რამდენიმე გმირი გამოვიგონე და შეგნებულად ვთქვი უარი რეალურ პერსონაჟებზე, რათა აქცენტი სამეცნიერო თავგადასავალზე გამეკეთებინა და ამბავი ამ მიმართულებით განმევრცო. ფსიქიატრის ოჯახისა და კოლეგების პერსონაჟებს ახლანდელი ესპანური საზოგადოების მახასიათებლებზე დაყრდნობით შევქმნი.

თავიდან ნეორეალისტურ სტილში ვფიქრობდი, მაგრამ, როცა ვცადე, მივხვდი, არ გამომივიდოდა. ამდენწლიანი პაუზის შემდეგ მივხვდი, რა იქნებოდა სწორი ფორმა – კომედია. ფრანკისტი ფსიქიატრი ტიპური შეშლილი ექიმია, რომელიც „მარქსისტ გენს“ იკვლევს და მზად არის ყველა გაწიროს, ვინც ამ გენის მატარებელია. ევგენეზისი. ასეთი ტიპის პერსონაჟზე მუშაობა შემიძლია მხოლოდ როგორც სრულიად გამოგონილზე, ნატრურალიზმისგან სრულიად დაცლილი სტილით. იმაზე აღარც ვსაუბრობ, რომ ამ ფსიქიატრს სახელიც ჰქონდა, მაგრამ მის გამოყენებას არ ვაპირებ, ასე ოჯახსაც არ ვავნებ და მეც თავისუფალი ვიქნები წერის დროს.

ესეც ჩემი საქმე სააღდგომო დასვენებისთვის.

„ყოფნა არყოფნა“ (1942, რეჟისორი: ერნსტ ლუბიჩი)

11 ფილმი კარანტინში სანახავად.

რამდენიმე ისეთ ფილმს გირჩევთ, ამ კვირაში მელანქოლიას ან მოწყენილობას რომ გაგიქარწყლებთ. ეს გახლავთ არაჩველებრივი ამერიკული კომედიური ფილმები. კომედიური ჟანრი ხომ ამერიკელებს ძალიან კარგად გამოსდით. აი, ისინიც:

  • Monkey Business (რეჟისორი: ჰოვარდ ჰოუქსი);
  • The Philadelphia Story („ფილადელფიური ისტორია“, რეჟისორი: ჯორჯ კიუკორი);
  • Midnight („შუაღამე“, რეჟისორი: მიტჩელ ლეიზენი) – შესანიშნავმა კუბელმა მწერალმა, კრიტიკოსმა და სინეფილმა – გილერმო კაბრერა ინფანტემ მითხრა, რომ ეს ფილმი მისთვის ყველა დროის ყველაზე საყვარელი კომედია იყო;
  • To Be or Not To Be („ყოფნა არყოფნა“, რეჟისორი: ერნსტ ლუბიჩი);
  • The Front Page („ყდა“, (1974) რეჟისორი: ბილი უაილდერი) – ამ ფილმის ძველი ვერსიაც არსებობს (His Girl Friday), არანაკლებ სასაცილო;
  • Some Like It Hot („ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, რეჟისორი: ბილი უაილდერი);
  • Rich and Famous („მდიდარი და სახელოვანი“, რეჟისორი: ჯორჯ კიუკორი);
  • I Was a Male War Bride (რეჟისორი: ჰოვარდ ჰოუქსი);
  • A Star Is Born („ვარსკვლავი დაიბადა“, კიუკორის ვერსია ჯუდი გარლანდის მონაწილეობით) დრამაა, მაგრამ იმდენად მონუმენტურია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ;
  • Design for Living (ერნსტ ლუბიჩმა ეს ფილმი ნოელ კაუარდის საუცხოო პიესის მიხედვით გადაიღო).

ამ კინომარგალიტებთან ერთად რაც უნდა გააკეთოთ, სახლში დარჩენაა. კინოჩვენებების შუალედში კი კორიდორში გაიარ-გამოიარეთ, დაელაპარაკეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და შეყვარებულებს ტელეფონით ან „სკაიპით“ და დატკბით ბრწყინვალე აღდგომის დასვენებით, რელიგიური რიტუალების, გალობებისა და თავსაბურავების გარეშე.