ალმოდოვარის დღიური თვითიზოლაციიდან: მადონა, უორენ ბიტი და მე - ნაწილი II

ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურს გამოცემა Indiwire აქვეყნებს. დღიურის წერა რეჟისორმა 23 მარტიდან დაიწყო და მის მეორე ნაწილში იხსენებს მადონასთან თავის უცნაური ურთიერთობას, შეხვედრას ბავშვობის კუმირ უორენ ბიტისთან, ასევე „ოსკარის“ დაჯილდოებასა და „დიკ ტრეისის“ გადასაღებ მოედანს. 

ასევე იხილეთ: 

ორშაბათ ღამეს, როდესაც კარანტინის ზომები გაამკაცრეს, კლაუსტროფობიის პირველი სიმპტომები ვირგძენი. სიმპტომებმა თავი გვიან იჩინეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კლაუსტროფობია და აგორაფობია დიდი ხანია მტანჯავს. ვიცი, რომ ეს ორი პათოლოგია ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგრამ პარადოქსულობა ჩემი სხეულის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, ყოველთვის ასე იყო.

იმ ღამით ვიცოდი, რომ მომდევნო დღეს გარეთ გასვლას შევეცდებოდი; თავი ისე ვიგრძენი, თითქოს წინასწარ განზრახული დანაშაულის ჩადენას ვაპირებდი. იმ ადამიანივით ვიყავი, აკრძალული სიამოვნების მორევში გადაშვება რომ განუზრახავს და თავს ვერ შველის. იაფფასიან ლიტერატურასავით კი ჟღერს, მაგრამ მე შინაპატიმრობის ეფექტს ვაბრალებ.

მინიმალურად დავგეგმე: მე საკვების საყიდლად წავიდოდი, ნამდვილი საყიდლებისა და ნამდვილი საჭიროებიბისთვის, რადგან მარტო ვცხოვრობ. ჰოდა სამშაბათ დილას გარეთ გასასვლელად გამოვეწყვე, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდი: ვიცვამდი! 17 დღე იყო გასული, რაც ეგ არ მიქნია, ჩაცმა კი ჩემთვის ყოველთვის ინტიმური და განსაკუთრებული რამ იყო. ჩაცმის სხვადასხვა შემთხვევები მახსენდება – ახლა ვიაზრებ, რომ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები. მაგალითად, მახსენდება 1980 წელი, როდესაც „პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონების“ პრემიერისთვის ვეწყობოდი. მიუხედავად იმისა, რომ Peñalver Cinema ისეთი კინოთეატრი იყო, სადაც მხოლოდ ფილმების განმეორებით ჩვენებებს აწყობდნენ, მე მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ლოს-ანჯელესში, „კოდაკის“ კინოთეატრში მქონდა პრემიერა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საკუთარი ფილმი პუბლიკასთან ერთად ვნახე, თან ეს იყო პირველად ნამდვილ კინოთეატრში, თან კომერციული ჩვენებით, მაყურებლით სავსე დარბაზში. მაყურებელი მისჩერებოდა გამოსახულებებს, რომელსაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში მე ვქმნიდი ჩემს მეგობრებთან ერთად. ვინც დარბაზი არ დატოვა, ძალიან ბევრიც იცინა. მახსოვს, ლონდონში, პორტობელოს ბაზრობაზე ნაყიდი  ატლასის „ბომბერი“ მეცვა.

„პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგოები“ (1980) რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი

ადამიანი ჩაცმას ჩაფიქრებული გეგმის ნაწილად ყოველთვის არ აქცევს, ან არ ახსენდება. მაგონდება, „პეპის“ გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, შუა La Movida-ის პერიოდში, შეგნებულად ჩავიცვი რუხი პერანგი აზიური სტილის [დამდგარი] საყელოთი, რათა მალასანიას უბნის ბარში წავსულიყავი. ამ ბარის მმართველ ბიჭზე თვალი მქონდა დადგმული. დიდად არასდროს მომწონდა დამდგარი საყელოები, მაღალ საყელოს ვამჯობინებდი, რადგან ღაბაბს მიფარავდა. ჩემი დამდგარსაყელოიანი კოსტიუმი დამამახსოვრდა, რადგან ზემოთ ნახსენები ბიჭი ჩემი ცხოვრების მომდევნო ორი თუ სამი წლის ნაწილი გახდა. მან თავისი კვალი დატოვა.

ასევე მახსოვს ჩემთვის „ოსკარის“ პირველ ცერემონიაზე 1989 წელს მეცვა დიზაინერ ანტონიო ალვარადოს იისფერი, აბრეშუმის სმოკინგი და კოჭებამდე სიმაღლის მოჭედილი ჩექმები, ახლა ლაბუტენი რომ აკეთებს, ისეთი. მაშინ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ჩემი ურთიერთობა კი კარმენ მაურასთან ნაწილებად დაიმსხვრა, თუმცა ლოს-ანჯელესში მოგზაურობა მაინც ძალიან კარგად მახსენდება.

ცერემონიამდე ოთხი თუ ხუთი დღით ადრე ჯეინ ფონდას სახლში ვისადილეთ. ის შეპყრობილი იყო ჩემი ფილმის „ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე“ რიმეიქის გადაღების იდეით. ჯეინ ფონდამ ძალიან ცოტა ხალხი დაპატიჟა; ანჯელიკა ჰიუსტონი და ჯეკ ნიკოლსონი. მომღერალი შერი ისეთი ბუნებრივი მაკიაჟით მოვიდა, ვითომ სახეზე არაფერი ესვა. ცხოვრებაში იმაზე უფრო ლამაზი, საყვარელი და დაბალი იყო, ვიდრე წარმოვიდგენდი. და მორგან ფეირჩაილდი. დიახაც! (ვფიქრობდი, შემდეგი სტუმარი იქნებოდა ვინმე სიუზან ზონტაგის მსგავსი) მართლა სასიამოვნოდ  გავოცდი, რადგან მეგონა მორგან ფეირჩაილდი სხვებთან შედარებით „დაბალ ლიგაში“ თამაშობდა (თუმცა საპნის ოპერებში „ფლამინგოს გზასა“ (Flamingo Road) და „ფალკონ კრესტში“ მონაწილეობა პატარა საქმე არ არის). ჯეინ ფონდამ, ალბათ, შენიშნა ჩემი გაოცება და ამიხსნა, რომ ის ადრე დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას ფეირჩაილდთან ერთად, რომელიც თუ მასზე მეტი არა, ნაკლები ფემინისტი არ ყოფილა.
ქალების ენერგიისა და ჯეკის დამსახურებით საღამო საუცხოოდ გავატარეთ. მათთან ერთად ბევრი ფოტოც გადავიღეთ, ასევე ჯეინის მამის, ჰენრი ფონდას კედლებზე გამოფენილ ნახატებთანაც.

„ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე“ (1988) რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი

ცერემონიის შემდეგ, დილით სასტუმროში ქალმა დამირეკა. ისე მესაუბრება, თითქოს ვერ ხვდება თავისი ხმის ეფექტურობას, მაგრამ თან თავდაჯერებულია, რომ მისი ხმა ჩემზე გავლენას მოახდენს: გამარჯობა, მადონა გესაუბრებათ. ფილმ „დიკ ტრეისიში“ მიღებენ და სიამოვნებით დაგათვალიერებინებდით გადასაღებ მოედანს. დღეს გადაღება არ მაქვს და შემიძლია, მთელი დღე დაგითმოთ“.

ეს ქალი, შეიძლებოდა ნამდვილი მადონა არც ყოფილიყო ან ვინმე ფსიქოპატი ყოფილიყო, რომელსაც ჩემი დანაწევრება სურდა სადმე მივარდნილ ადგილზე, ისეთ ადგილზე ჯეიმს ელროი რომ შესანიშნავად აღწერს თავის რომანში („შავი ორქიდეა“ – თუ წაგიკითხავთ, მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ, ელროის დედაც ასე მოკლეს მივარდნილ ველზე). შეგიძლიათ, ჩემი საყვარელი ბრაიან დე პალმას გადაღებული „შავი ორქიდეის“ ეკრანიზაციაც ნახოთ, რომელშიც სკარლეტ იოჰანსონი და ჰილარი სვონკი მონაწილეობენ. სიმართლე გითხრათ, ფილმი ისეთი კარგი ვერ გამოვიდა. კარანტინისთვის ცუდი არ არის, მაგრამ მე დე პალმას სხვა ფილმებს უფრო გირჩევდით: „დები“ (Sisters), „სამოთხის აჩრდილი“ (Phantom of the Paradise), „კარლიტოს გზა“, (Carlito’s Way), „მონაცვლე სხეული“ (Body Double) – კარიერულ მწვერვალზე მყოფი მელანი გრიფიტით; ასევე „ნაიარევი სახე“ ალ პაჩინოს მონაწილეობით. „შავ ორქიდეაზე“ ნუ მოცდებით და თქვენს სიაში ეს მარტივად აღსაქმელი და ძალიან სახალისო მარგალიტები ჩასვით. მერე მადლობას გადამიხდით. მოგვიანებით სანახავი ფილმების სხვა სიასაც შემოგთავაზებთ.

„მონაცვლე სხეული“ (1984) რეჟისორი: ბრაიან დე პალმა

მადონას რომ დავუბრუნდეთ, ეს სატელეფონო ზარი თავისუფლად შეიძლებოდა ვიღაცის ხუმრობა ყოფილიყო, მაგრამ თვითშეფასება – „ოსკარზე“ ვერგამარჯვების მიუხედავად – საკმაოდ მაღალი მქონდა საიმისოდ, რომ ეს ზარი სერიოზულად აღმექვა. მადონას ხმამ სტუდიის მისამართი მიკარნახა, სადაც სიამოვნებისგან განაბული გავეშურე.

სიმართლე გითხრათ, გადასაღებ მოედანზე მთელმა გუნდმა – უორენ ბიტით დაწყებული ვიტორიო სტორაროთი დასრულებული – ჩემ მიმართ კეთილგანწყობა გამოამჟღავნა. ჯორჯ კიუკორივით მეპყრობოდნენ. ბიტიმ დამაძალა, მოვკალათებულიყავი თავის სკამზე წარწერით – „რეჟისორის სკამი“ და ასე ვადევნებდი თვალს სცენის გადაღებას. სადაც იყო ვაღიარებდი, რომ ჩემი სექსუალობა ბავშვობაში სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც ის დავინახე ფილმში „ბრწყინვალება ბალახში“ (Splendor in the Grass) (კალატოზი ედუარდო „ტკივილი და დიდებიდან“ გამოგონილია), თუმცა, ცხადია, თავი შევიკავე. სტუდიაში იმ სცენას იღებდნენ ალ პაჩინო სახეშეცვლილი რომ გაუჩერებლად ჯაჯაღანებს. მოგვიანებით მან „ოსკარის“ ნომინაცია მიიღო, ფილმმა კი სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

უორენ ბიტი ფილმში „ბრწყინვალება ბალახში“ (1961)

მადონამ გადასაღები მოედნები მომატარა და აქ შევხვდი ადამიანს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ: კოსტიუმების დიზაინერი მილენა კანონერო, რომელიც იმ დროს უკვე სამ „ოსკარს“ ფლობდა (მან მოგვიანებით „დიკ ტრეისითვისაც“ მიიიღო ნომინაცია) ფილმებისთვის: „ცეცხლოვანი ეტლები“ (Chariots of Fire), „ბარი ლინდონი“ (Barry Lyndon) და „კოტონ კლუბი“ (The Cotton Club). კრანტინთან გასამკლავებლად სამივე ფილმს გირჩევთ. ჩემი ფავორიტი კუბრიკის „ბარი ლინდონია“.

მილენა კანონერომ შემდეგ მეოთხე „ოსკარიც“ მოიგო, ოღონდ არ მახსოვს რომელი ფილმისთვის. მისი სახელოსნოს ნახვამ ამ ვიზიტის დროს ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ეს ერთადერთი მიზეზი იქნებოდა, რის გამოც ვიმუშავებდი ჰოლივუდში: ჩემი ობსესია დეტალებზე.

„ბარი ლინდონი“ (1975) რეჟისორი: სტენლი კუბრიკი

„დიკ ტრეისის“ კომიქსის ერთ-ერთი სახეა პერსონაჟი ყვითელი შლაპით. მილენა შეპყრობილი იყო, რომ კომიქსის გმირის ქუდის სიყვითლე ზუსტად იმავე ტონალობით დაესვა ფილმშიც. მან ორასამდე ქუდი მაჩვენა, ამ ქუდებს შორის ფერის გრადაცია სულ ოდნავ იცვლებოდა. დეტალებით ამგვარ შეპყრობილობაში საკუთარი თავი ამოვიცანი. გარკვეულწილად, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მეც ზუსტად ასე ვიქცევი, როდესაც ფილმს ვიღებ. არ ვიცი, სხვაგვარად როგორ ვიმუშაო (მაგრამ ვიცი, როგორ ვიმუშაო გაცილებით ნაკლები ფულით).

„ოსკარის“ ვერმოგების მიუხედავად, მადონას მხრიდან ამხელა ყურადღება ნიშნავს, რომ „მატერიალისტ გოგოს“ [Material girl] გულწრფელად ძალიან აინტერესებ. არც ისე დიდი ხნის შემდეგ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა – შემდეგ წელს, მისი Blond Ambition-ის ტურნეს დამსახურებით.

მადონა და უორენ ბიტი ფილმში „დიკ ტრეისი“ (1990)

სანამ მადრიდში იყო, მასთან ერთად ვატარებდით დროს, მისთვის ორგანიზება გავუწიე ფლამენკოს წვეულებას, მოვიწვიე მოცეკვავე და მსახიობი La Polaca თავის ქმართან El Polaco-სთან ერთად. წვეულებაზე ასევე იყვნენ ლოლეს ლეონი, ბიბიანა ფერნანდესი და როსი დე პალმა. თუმცა მადონამ ცხადად დამანახა, რომ ჩემ გარდა, მხოლოდ ერთ სტუმართან შეხვედრა აინტერესებდა: ანტონიო ბანდერასთან. ანტონიოს მოყვანას დავპირდი, მაგრამ მადონას ვერ ვეტყოდი, რომ მას მაშინდელი ცოლის, ანა ლესას გარეშე ვერ დავპატიჟებდი (ანტონიოს ცოლი მადონას დიდი თაყვანისმცემელი იყო).

მადონამ გადაწყვიტა, ვინ სად უნდა დამჯდარიყო (რამდენიმე მრგვალი მაგიდა იდგა ჩემი მეგობრებისა და მისი მოცეკვავეებისთვის). ბუნებრივია, ის მთავარ მაგიდასთან დაჯდა. მარჯვნიდან მე ვეჯექი, მარცხნიდან კი ანტონიო. მისი ცოლი კი დარბაზში ყველაზე შორს მდგარ მაგიდასთან გაამწესა.

ჩვენ ორის გარდა – და ზოგჯერ ღვთაებრივი La Polaca-ს გარდა – მადონას ყურადღება არავისთვის მიუქცევია. მისი გუნდის წევრი კი ძალიან კარგი ხარისხის კამერას დაატარებდა, რათა როგორც მადონამ მითხრა, ყველაფერი „სამახსოვროდ“ გადაეღო. ეს უცნაურად კი მომეჩვენა, მაგრამ კარგი მასპინძელი გარკვეულ შეკითხვებს არ სვამს.

მადონას მხრიდან ანტონიოს მიმართ გამოჩენილი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად თარჯიმნობა ვითავე. ანტონიო კარიერული აღმავლობის პირას იყო. მისი მონაწილეობით აშშ-ში ახალი გამოსული იყო ფილმი „დამაბი“ (Tie Me Up! Tie Me Down!), კრიტიკოსებსა და ჰოლივუდს (და მადონას) უკვე უყვარდა ანტონიო, თუმცა იმ ღამით, 1990 წელს მან ერთი სიტყვაც არ იცოდა ინგლისურად.

ანტონიო ბანდერასი ფილმში „დამაბი“ (1989) რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ფილმი „ლოგინში მადონასთან“ (In Bed with Madonna) და ფილმის დიდი ნაწილი ჩემს წვეულებაზეა გადაღებული. ანტონიოს შევიწროება ამ ამბის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი იყო და მან, ცხადია, ამოჭრა, როგორ გაისტუმრა ანა ლესა ერთი წინადადებით. სადილის დასასრულს, ანამ გაბედა, ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა და ქერა ღვთაებას სარკასტულად უთხრა – „ვხედავ, ჩემი ქმარი მოგწონს და ეს არ მიკვირს, ის ყველა ქალს მოსწონს, მაგრამ მე ეგ არ მადარდებს, რადგან ძალიან თანამედროვედ ვაზროვნებ“. მადონამ კი უპასუხა: „წადი, დამეკარგე“.

ეს ყველაფერი ქარაფშუტულად ჟღერს და ასეც არის, ეს ამბავი პადი დიფუზას ქრონიკებს უფრო ჰგავს, ვიდრე იზოლაციაში გაკეთებულ ჩანაწერებს. თუმცა მეხსიერება ისეთი აბსურდულია, როცა გასახსენებელ ამბებს ირჩევს… არ მადარდებს, ეს თუ ანგარიშის გასწორებას ჰგავს: პირიქით რომ ყოფილიყო (მადონა რომ გადამეღო თავის გუნდთან ერთად და ეს მასალა ფილმში გამომეყენებინა, შემდეგ მსოფლიოში პრემიერები მომეწყო), სამართლებრივი დავის სახით ისეთ დარტყმას მივიღებდი, ამ დრომდე მისი საზღაურის გადახდაში ვიქნებოდი. მადონა ბრიყვებივით მოგვექცა და ეს როდისმე უნდა მეთქვა. ჩვენი ამსახველი კადრების გამოყენებისთვის ნებართვაც არ აუღია და ფილმში ჩემი საუბარი გაახმოვანა კიდეც – ალბათ, ინგლისურად ძალიან კარგად ვერ ვსაუბრობდი.

ჩემს ისტორიას უნდა დავუბრუნდე. რაღაც მომენტში მადონამ მითხრა, „ჰკითხე ანტონიოს ქალების ცემა თუ მოსწონსო“ (გეფიცებით, ასე მითხრა), მეც ვუთარგმნე. ანტონიომ არაფერი თქვა, ენა დაება და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს უნდოდა ეთქვა, „მე ესპანელი ჯენტლმენი ვარ და იმას გავაკეთებ, რასაც ქალბატონი მთხოვს“. ჩემთვის ეს მრავლისმეტყველი დუმილი და ჟესტი იყო. მაგრამ მადონას მეტი სურდა. „ჰკითხე“, – მეუბნება, – „მოეწონებოდა თუ არა ქალებმა რომ გატყიპონ“. მეც ვუთარგმნე: „ტყეპა“ და „ქალები“ 90-იან წლებში ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი სიტყვები იყო. ანტონიომ იმავე ჟესტით უპასუხა, რაც არც „ჰოს“ ნიშნავდა და არც „არას“, მაგრამ ნიშნავდა, რომ ის ქალბატონთა სურვილების სამსახურშია.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ სიმართლეა და იმ ღამის ყველაზე საინტერესო მომენტია, თუმცა მადონამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რომ ეს კადრები ფილმში დაეტოვებინა. და თურმე პანდემია იყო საჭირო, რომ მსოფლიოს სცოდნოდა, როგორი იყო ის წვეულება სინამდვილეში.

წელს, 11 იანვარს ლოს-ანჯელესში ერთსა და იმავე დღეს ორ ადგილზე უნდა მივსულიყავი. თითქმის ერთდროულად მიმდინარე ცერემონიებს უნდა დავსწრებოდი, სადაც „ტკივილი და დიდება“ საუკეთესო უცხოენოვად ფილმად დასახელდა. „ჟივანშის“ კოსტიუმი და მაღალყელიანი ჯემპრი მეცვა.

პირველი ცერემონია AARP-ის მიერ იყო ორგანიზებული, ეს ორგანიზაცია 50 წელს გადაცილებული ადამიანების უფლებებს იცავს. ესპანეთს არ აქვს ასეთი საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბების კულტურა, რომლებიც ხელისუფლებას გარკვეული სოციალური კოლექტივებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიაღებინებდა.

AARP-ს თავისი პრესტიჟული დაჯილდოება აქვს და ცერემონია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიითაც შუქდება. დაჯილდოებას „მოწიფულთა კინოდაჯილდოება“ ეწოდება. და ისინი წლის საუკეთესო ფილმებს ასახელებენ.

წელს ანეტ ბენინგმა აიღო საპატიო ჯილდო, „ირლანდიელი“ საუკეთესო ფილმად დასახელდა, მარტინ სკორსეზემ კი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა, რენე ზელვეგერი „ჯუდისთვის“ დაჯილდოვდა, ადამ სენდლერი კი – „დაუმუშავებელ ძვირფას ქვებში“ შესრულებული როლისთვის. სენდლერი ჩემს მაგიდასთან იჯდა და იმდენად ელეგანტურად გამოიყურებოდა, რომ არც კი უხსენებია, რამდენად შეაწუხა  ანტონიო ბანდერასის „ოსკარის“ ნომინაციამ, რადგან ეს ადგილი მისთვის იყო განკუთვნილი „დაუმუშავებელ ძვირფას ქვებში“ შესრულებული შესანიშნავი როლისთვის, ან რობერტ დე ნიროსთვის, მაგრამ აკადემიამ ანტონიო აირჩია. იქ ასევე დაჯილდოვდა ნოა ბაუმბახი „ქორწინების ისტორიის“ შესანიშნავი სცენარისთვის, (ნოასთან და მის ცოლთან, გრეტა გერვიგთან ძალიან დავახლოვდი, გადავწყვიტეთ, ყოველ ჯერზე როცა ნიუ-იორკში მოვხვდები, ერთმანეთს შევხვდეთ), „ტკივილი და დიდება“ კი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში დაჯილდოვდა.

დაჯილდოების დაწყებამდე ანეტ ბენინგი ჩემს მაგიდასთან მოსასალმებლად მოვიდა: ის ბრწყინავდა თავის ასევე ბრწყინვალე ქმრის, 83 წლის უორენ ბიტის გვერდით. ჩვენ ერთმანეთს მივულოცეთ და ანეტმა მითხრა, გავიგე, ლუსია ბერლინის მოთხრობების კრებულის „სახელმძღვანელო დამლაგებელი ქალებისთვის“ (A Manual for Cleaning Women) ეკრანიზების უფლება შენ მოიპოვეო. ამ წიგნზე ვისაუბრეთ და მის წაკითხვას ამ კარანტინის დროს გირჩევთ. დრო ჩერდება, როცა ლუსიას მოთხრობას კითხულობ. ანეტს ვუთხარი, შენ იდეალური ვარიანტი ხარ ასაკში შესული პერსონაჟის განსახიერებისთვის-მეთქი. ამის თქმა შემეძლო, რადგან გამარჯვებულები 50 წელს გადაცილებული ვიყავით.

პირველ გამარჯვებულად მე დამასახელეს, რადგან ორგანიზატორებმა იცოდნენ, რომ მალე უნდა წავსულიყავი ლოს-ანჯელესის კრიტიკოსთა დაჯილდოებაზე, სადაც სტუმრებს, წესით, უკვე დაწყებული ექნებოდათ კოქტეილების სმა დაჯილდოებამდე. ჩემს სამადლობელ სიტყვაში უორენ ბიტი ვახსენე – ეს სასწაული იყო, რომ მას არ ვუთხარი ჩემს სექსუალურ თვითგამორკვევაზე, მაგრამ სიხარულით გამოვაცხადე, როგორც იქნა ჩემს ერთ ფილმში მაინც ვათამაშე-მეთქი (გაიხსენეთ, ფილმში „ტკივილი და დიდება“ ალბერტოს მონოლოგის ფონზე ნატალი ვუდისა და უორენ ბიტის კადრები გადის).

„ტკივილი და დიდება“ (2019)

იმავე კოსტიუმით, ისეთივე შემართებით სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ გავემართე, სადაც კრიტიკოსები ძალიან პრესტიჟულ დაჯილდოებას მართავდნენ და ლექციას ატარებდნენ, თუ რა უნდა მომხდარიყო წელს. საუკეთესო ფილმი: „პარაზიტი“, საუკეთესო მსახიობი: ანტონიო ბანდერასი, საუკეთესო საერთაშორისო ფილმი: „ტკივილი და დიდება“.

თვითიზოლაციას რომ დავუბრუნდეთ, 17-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გარეთ პირველად გავედი. არ მინდოდა სიახლის ეს განცდა დამეკარგა, რომელიც უბნის მაღაზიაში გასვლამ მომანიჭა. უცნაური შეგრძნება იყო, მაგრამ ასევე ძალიან დამამშვიდებელი, სასიამოვნო სიჩუმე და სიცარიელე იყო. იმ მომენტში დაღუპულებსა და ინფიცირებულებზე არ ვფიქრობდი. ვგრძნობდი, რომ მადრიდს აქამდე არნახულ და ექსტრაორდინალურ მდგომარეობაში ვხედავდი, არც კი ვიცი, ეს როგორ აღვწერო. მირჩევნია, მსხვერპლზე არ ვიფიქრო (მართალი არ არის – რითაც შემიძლია, დახმარება ვცადე). ჩვენ ყველამ ვიცით ის საშინელი რიცხვები და ამ ტექსტსაც იმიტომ ვწერ, რომ ის დავივიწყო. ეს ესკაპიზმის შორსმჭვრეტელი ფორმაა. თუ რეალობას თვალს ავარიდებ, მოვკვდები. არ მინდა, ასე რომ მოხდეს.