პირსისხლიანი კომისრის ძეგლის ნაცვლად ხუდია ბორჩალოელისა და ერეკლე მეორის ძეგლი დავდგათ - ეპისკოპოსის ინიციატივა

პუბლიკა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გარეჯობა აღინიშნება. წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა. ეპისკოპოსმა გააჟღერა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ის მოსახლეობას სთავაზობს მარნეულში ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად დაიდგას წარმოშობით აზერბაიჯანელი ხუდიასა და ერეკლე მეორის ძეგლი. მისი თქმით, ეს ძეგლები ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის სიმბოლო იქნება.

„მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ნარიმან ნარიმანოვის პირსისხლიანი, წითელი კომისრის ძეგლის ნაცვლად ჩვენს ქალაქში, ჩვენს ეპარქიაში, მარნეულში დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის აზერბაიჯანელი წარმოშობის ხუდიასა და ერეკლე მეორის ძეგლი. მივმართავ მოსახლეობას ქართველებს, აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს. ეს იქნება სიმბოლო ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის. მე არავის და არაფრის მეშინია, ჩემზე ცილისმწამლებლური კამპანია წარმოებდა, რომ თითქოს ჩვენ ვართ რასისტები, შოვინისტები და დისკრიმინაციას ვახდენთ სხვა ეთნოსების, ეს იყო სიცრუე“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

როგორ ცნობილია, მეფე ერეკლეს ბორჩალოელებისაგან შემდგარი პირადი გვარდია ჰყავდა, რომელსაც ცნობილი ხუდია ბორჩალოელი მეთაურობდა. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობით, მეფის პირად დაცვაში 12 კაციდან ხუთი ან შვიდი, სწორედ ბორჩალოელი იყო.

მიმდინარე წლის 20 მაისს მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, გიორგიმ (ჯამდელიანმა) საკვირაო ქადაგებაზე ხელისუფლებას აზერბაიჯანელი  ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მოსთხოვა.

ეპისკოპოსის ქადაგებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ აცხადებს, მართალია, ნარიმან ნარიმანოვი, როგორც ისტორიული ფიგურა, უნდა იზიარებდეს საბჭოთა ოკუპაციის კოლექტიურ პასუხისმგებლობასა და ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულების მორალურ ტვირთს, თუმცა ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს რეგიონში ახალი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი. მით უმეტეს, მაშინ, როცა სხვა ქალაქებშიც მრავლადაა საბჭოთა „საზოგადო მოღვაწეების“ ძეგლები, დგას მათი ბიუსტები თუ მონუმენტები.

დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიოც იმყოფებოდა.

„დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმ პრობლემაზე, რომელიც ამ მონასტრის მიმდებარე ორ მონასტერს ეხება, ეს არის უდაბნო და ჩიჩხიტური. იცით, რომ ორივე მონასტერი თავად დავით გარეჯელის მიერ არის დაარსებული? ეს არის ისტორიულად ქართული სავანეები, მონასტრები და დღეს, სამწუხარო რეალობის გამო ვერ ავდივართ იქ და ვერ ვატარებთ წირვა-ლოცვას. ჩვენ ვევედროთ ღირს დავით გარეჯელს და ვიქონიოთ სურვილი, რომ ეს ვითარება გამოსწორდება და ერთად შევძლებთ იქ წირვა-ლოცვას ისე, როგორც მამა დავითსა და ჩვენს წინაპრებს გაუხარდებათ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.