პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ეთნიკური უმცირესობების ინტერესები არ გვხვდება - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

პუბლიკა

„სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების ინტერესი ეთნიკური უმცირესობების თემების მიმართ კვლავ დაბალია და მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე, წუხილებზე და ინტერესებზე ორიენტირებული ცვლილების ხედვები და გზები პროგრამებში თითქმის არ გვხდება”, – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების პერსპექტივიდან პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ანალიზს აქვეყნებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პარტიებს საგანგებოდ ვთხოვეთ ეთნიკური უმცირესობებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამოწვევებზე ორიენტირებული ხედვის დოკუმენტების გაზიარება, მათ ასეთი პროგრამები არ აღმოაჩნდათ. პროგრამები ასევე დაცლილია თემისა და მუნიციპალიტეტის დონეზე ინკლუზიური, თანასწორი და მრავალფეროვანი საზოგადოების მშენებლობის პოზიტიური ხედვებისგან, რომელიც მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის საერთო, გაზიარებული კულტურული თუ სოციალური სივრცეების, ასევე პრაქტიკების მშენებლობისკენ იქნებოდა მიმართული. ეს მცდელობები კი შექმნილი სოციალური გაუცხოების და იზოლაციის აღმოფხვრას შეუწყობდა ხელს”, – წერს ორგანიზაცია.

მათი თქმით, მუშაობა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში ცხადყოფს, რომ:

  1. „ეთნიკური უმცირესობების მიმართვიანობა თვითმმართველი ორგანოებისთვის განსაკუთრებით დაბალია. პოლიტიკურმა ელიტამ აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს უმცირესობების ენებზე თარგმანის რესურსების შექმნა ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო კომუნიკაციის ყველა ეტაპზე იმ მოქალაქეებისთვის, ვინც არ ფლობს სახელმწიფო ენას;
  2. ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის არსებობს ხიდჩატეხილობის პრობლემა. აღნიშნულის მოგვარებისთვის თვითმმართველობამ უნდა დაიწყოს ადგილობრივი კადრების დასაქმებაზე ფიქრი, რომელიც ამ დროისთვის მკვეთრად დაბალია;
  3. არსებობს ბაზისური ინფრასტრუქტურული პრობლემები (წყალი, გზა, ბუნებრივი გაზი, ტრანსპორტი, საბავშვო ბაღი, სარწყავი წყალი და ა.შ.), რომელიც ეთნიკური უმცირესობების სოციალურ გარიყულობას და მოწყვლადობას ზრდის;
  4. ადგილობრივი და სახელმწიფო პროგრამების და სერვისების მნიშვნლოვანი ნაწილი არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის ხშირად მიუწვდომელია, შესაბამისი კადრების (მათ შორის, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, ექიმების), თარგმანის რესურსების, და დაბალი ნდობის გამო;
  5. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე და რელიგიური ინსიტიტუტების მხარდაჭერაზე დახარჯული თანხა ხშირად არ ასახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საუკეთესო ინტერსებს. ადგილობრივ ხელისუფლებებს არ აქვთ ინკლუზიაზე, სოლიდარობაზე და მრავალფეროვნებაზე მიმართული პოზიტიური პოლიტიკები, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს შორის გაზიარებულ პოზიტიური სოციალურ და კულტურულ სივრცეებს შექმნიდა;
  6. არსებობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შემაშფოთებლად დაბალი შედეგები და მიღწევები, რაც ადგილობრივი პოლიტიკის დონეზე საკითხის დაუყოვნებელ პრიორიტეტიზაციას, ასევე ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და პოლიტიკური გარანტიების შექმნას მოითხოვს.

აშკარაა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტები და მიზნები იმდენად დატვირთული იყო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის თემატიკით, რომ პოლიტიკურ პროგრამებში მხოლოდ ტექნოკრატიული სიახლეებისთვის და მიმდინარე სოციალური პროგრამების მასშტაბების გაზრდის დაპირებებისთვის გამოინახა ადგილი. ქვეყნის დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი მოსახლეობის დემოკრატიული მონაწილეობის გაზრდის და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინების კუთხით არსებითად ახალი მიდგომა მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში პოლიიტკური პარტიების მიერ შემოთავაზებული არ ყოფილა”, – ნათქვამია დოკუმენტში.

შეფასებას ვრცლად გაეცანით ბმულზე;