პრემიერის დღევანდელმა ვიზიტმა ცივი შხაპი გადაასხა სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს - გვრიტიშვილი

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა სანქცირება მათი და ხელისუფლების ერთგვარი შანტაჟი იყო, მაგრამ პრემიერის დღევანდელმა ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში „სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს ცივი შხაპი გადაასხა“.

„შეიძლება, თამამად ითქვას, რომ პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში დღეს ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს. ამ უპრეცედენტო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორუფციის უმძიმესი ბრალდებით დასანქცირდნენ, მიზანი ერთი მხრივ იყო თითოეული მოსამართლის დაშანტაჟება.

ხოლო მეორე, ხელისუფლებისადმი გზავნილი იყო, რომ აი, გაემიჯნეთო. ამის ცალსახა ლუსტრაცია პრეზიდენტის ბრიფინგი იყო. პრეზიდენტმა ასეთი პოზიცია არჩია, რომ ვთქვათ, ჩვენს „ევროპულ მომავალს“ შევწიროთ ეს 4 ადამიანიო.

რაც შეეხება მთავრობას და მის მეთაურს, დღევანდელმა მისმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში, დღეს სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ხელმძღვანელის სახითაც აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია უკავია, რაც სახელმწიფოს თანამდებობის პირველ პირს უნდა ეკავოს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.


5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

მოსამართლეებმა კი 6 აპრილს პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს. თავდაპირველად ამის შესახებ სწორედ იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირველ პირს სთხოვეს შეხვედრა, რათა მიეწოდებინათ ფაქტები, რის შემდეგაც რეაგირებას დაელოდებოდნენ.

სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ კი განმარტა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს მიტაცების მცდელობებზე საქმის კურსში უნდა ჩაეყნებინათ.

10 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ნინო ქადაგიძესთან, ასევე საბჭოს წევრებთან და მოსამართლეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ მოსამართლეებს მხარდაჭერას უცხადებს.