პრეზიდენტი: მოსახლეობა სტატუსზე მეორე უარს ვერ გაიგებს და თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.

,,აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის  ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა ბერბოკმა.