პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პუბლიკა

პრეზიდენტმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ მიღებაზე 9 აპრილისა და მარტის აქციების მონაწილე ქალები ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომელიც ამ და სხვა პერიოდებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები და მათ ვიწვევ აქ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის ნანა მალაშხია დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის ნანა მახარაძე დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

„მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს და მადლობა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისაგან, სადაც სრულიად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები“,- განაცხადა დაჯილდოების ღონისძიებაზე ნანა მალაშხიამ.

პრეზიდენტს ასევე მადლობა გადაუხადა ნანა მახარაძემ:

„ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და აუცილებლად, მე ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, სადაც იყო თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი რა თქმა უნდა ევროპისკენაა.“

დაჯილდოება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე გაიმართა, რომელიც 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის აირით მოიწამლა.

ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.